სააკაშვილი: „სახალხო პარტიის" ყრილობაზე მიმიწვიეს“
06/05/2022 14:53:02 პოლიტიკა
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"-ს წევრმა ეკა ხერხეულძემ რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს „ევროპის სახალხო პარტიის" წერილზე მიხეილ სააკაშვილის პასუხი გააცნო:
„დღეს მივიღე დონალდ ტუსკის წერილი ევროპის ყველაზე დიდი პარტიის, „სახალხო პარტიის" სახელით, რომელსაც აქვს დიდი გავლენა ევროკავშირის სტრუქტურებში, ყველა დონეზე. მოწვევა მაქვს მათ ყრილობაზე მაისის ბოლოს. ისინი მთავაზობენ ჩასვლას და სიტყვით გამოსვლას. მე არ მახსენდება სხვა პრეცედენტი, რომ დაპატიმრებული პოლიტიკოსი ასე დემონსტრაციულად მიეწვიათ მათ ყრილობაზე. ეს ნიშნავს, რომ მათ არ ავიწყდებათ არა მხოლოდ უკრაინა, არამედ საქართველო, და ორივე ქვეყნის კონტექსტში მეც. ჩემთვის ეს დიდი პატივია, არ ვიცი ჩემი ჯანმრთელობა მომცემს თუ არა შესაძლებლობას ამ ყრილობაზე დასწრების, მომცემს თუ არა ამის შესაძლებლობას საქართველოს ხელისუფლება, მაგრამ მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ევროპას ასეთი დიდი მორალური მხარდაჭერისთვის".
"ევროპის სახალხო პარტია", რომლის წევრიც არის "ნაციონალური მოძრაობა", შეშფოთებულია პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის შესახებ არსებული ინფორმაციით და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მკურნალობის შესაძლებლობა მიეცეს მიხეილ სააკაშვილს. ამ შინაარსის განცხადება პარტიამ 5 მაისს გაავრცელა.
განცხადებაში სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით "ევროპის სახალხო პარტია" ეყრდნობა საქართველოს სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნას, რომლის მიხედვითაც, პატიმარს ცილოვანი შიმშილი აქვს.
მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად და მისი მესამე ქვეყანაში სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აქციას მართავს რუსთავში, საპატიმრო დაწესებულებასთან.
აქციაზე ენმ–ის წევრმა ლევან ხაბეიშვილმა თქვა, რომ პოლონეთი არის მზად, მიიღოს მიხეილ სააკაშვილი და საჭირო სამედიცინო დახმარება გაუწიოს.


