ბათუმში უწყვეტი აქციები დააანონსეს და კარვები გაშალეს
06/05/2022 17:58:32 პოლიტიკა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ბათუმში მემედ აბაშიძის გამზირის ნაწილი გადაკეტეს, უწყვეტი აქციები დააანონსეს და აჭარის მთავრობის სახლის წინ კარვები გაშალეს.
„ვიდრე მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია, არ დავიშლებით. ვრჩებით ბოლომდე, არსად არ მივდივართ, ვიბრძოლებთ ბოლომდე", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
აქცია-მსვლელობა 20:00 საათზე დაიწყო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და დემონსტრანტებმა აჭარის ა/რ მთავრობის სახლთან გადაინაცვლეს. მასში სხვა მოქალაქეებთან ერთად, მონაწილეობდნენ „ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზაციების წევრები აჭარის ყველა მუნიციპალიტეტიდან.
შეკრებილებს მიმართა პარტიის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარემ გიორგი კირთაძემ. მან თქვა, რომ აქცია არ დაიშლება, ვიდრე არ შესრულდება ორი მთავარი მოთხოვნა.
კირთაძემ საპროტესტო აქციის მონაწილეებს გააცნო ორი მოთხოვნა:
· პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ გადაიყვანონ უცხოეთში, ექსპერტების მიერ რეკომენდებულ, სპეციალიზებულ სამკურნალო დაწესებულებაში;
· შეწყდეს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა, წამება და მის მიმართ არაადამიანური მოპყრობა.


