სანდუ: "სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ცნობები შემაშფოთებელია"
06/05/2022 19:49:47 პოლიტიკა
მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ საქართველოს ექს–პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებს Twitter-ზე ეხმიანება.
"შემაშფოთებელია ცნობები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ. მოვუწოდებ ჩვენს ქართველ პარტნიორებს, უზრუნველყონ ყოფილი პრეზიდენტი შესაბამისი სამედიცინო მკურნალობითა და მხარი დაუჭირონ მისი გამოჯანმრთელების პროცესს. ჯანმრთელობის უფლება ადამიანის უფლებებისა და ღირსეული ცხოვრების ჩვენეული გაგების ფუნდამენტური ნაწილია",– წერს სანდუ.
სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა "მნიშვნელოვნადაა გაუარესებული".
27 აპრილს გამოქვეყნებულ დასკვნაში ნათქვამი იყო, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმი "საკუთარი ორგანოების დაშლის შედეგად გამოყოფილ ცილებს მოიხმარს".
სააკაშვილის მხარდასაჭერად და მისი მესამე ქვეყანაში სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აქციებს მართავს.
როგორც ენმ–ის წევრმა ლევან ხაბეიშვილმა თქვა, პოლონეთი არის მზად, მიიღოს მიხეილ სააკაშვილი და საჭირო სამედიცინო დახმარება გაუწიოს.


