Cision: "უახლოეს კვირებში ივანიშვილი საერთაშორისო მედიისთვის პრეს-კონფერენციების სერიის მოწყობას გეგმავს"
09/05/2022 08:47:47 პოლიტიკა
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უახლოეს კვირებში საერთაშორისო მედიისთვის პრეს-კონფერენციების სერიის მოწყობას გეგმავს, – ამის შესახებ ინფორმაციას ივანიშვილის მიერ დაქირავებული PR კომპანია Cision ავრცელებს.
მისივე ცნობით, საქართველოს ექს–პრემიერი Credit Suisse-სთან დავაზე ისაუბრებს.
"პრეს-კონფერენციებზე ნათლად გამოჩნდება, თუ როგორ მუშაობს Credit Suisse და, ზოგადად, შვეიცარიის საბანკო სისტემა და რამდენად დაუცველი შეიძლება, იყოს ნებისმიერი კლიენტი შვეიცარიის ფინანსურ სექტორში ინვესტირებისას", – აცხადებს Cision.
შეგახსენებთ რომ ივანიშვილმა Credit Suisse-ს წინააღმდეგ საჩივარი კვლავ შეიტანა.
ივანიშვილის მიერ დაქირავებული PR კომპანიის Cision მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ Credit Suisse-ს მიერ ბენეფიციარების ინტერესების დასაცავად და საჭიროებისამებრ თანხის გაცემის უზრუნველსაყოფად დაფუძნებულ Green Vals Trust-ში ბანკმა ოპერაციები შეაყოვნა, რითიც ივანიშვილს მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიადგა.
„2022 წლის 4 მარტს, ბენეფიციარებმა მოითხოვეს თანხის გაცემა, რომელიც მეურვემ მხოლოდ 2022 წლის 4 აპრილს დაამტკიცა, რამაც ბენეფიციარებს ფინანსური ზიანი მიაყენა. მეურვემ შეფერხების დასასაბუთებლად მოიხსენია „გეოპოლიტიკური გარემო აღმოსავლეთ ევროპაში. ბიძინა ივანიშვილს აქვს ორმაგი მოქალაქეობა მხოლოდ საფრანგეთთან და საქართველოსთან, არ არის და არ შეიძლება იყოს დაკავშირებული სანქცირებული ორგანიზაციებისა და პირების სიასთან. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია საჯაროდ, თუმცა რწმუნებულმა ვერ შეძლო ამ საჯაროდ ცნობილი ინფორმაციის დროული გადამოწმება და სავარაუდოდ, ბატონი ივანიშვილი ბანკისგან არამხოლოდ დისკრიმინაციის, არამედ პოლიტიკური ზეწოლის კამპანიის მსხვერპლიცაა“, – ნათქვამია განცხადებაში.
24 მარტს Finantial Times გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილმა Credit Suisse– ს დავა მოუგო. მისი ცნობით, "Credit Suisse"-მა ივანიშვილს 500 მილიონი აშშ დოლარი უნდა გადაუხადოს მას შემდეგ, რაც ბერმუდის სასამართლო გადაწყვეტილებას გამოაქვეყნებს.
საქართველოს ექს–პრემიერი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი "Credit Suisse"–ს 6 წლის განმავლობაში ედავებოდა და ბანკს ადანაშაულებდა თავისი ანგარიშიდან 500 მილიონ დოლარზე მეტის გაფლანგვასა და თაღლითობაში.


