Accentnews.ge
"რუსეთმა ომი გამოუცხადა არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ყველა იმ პრინციპებს, რაზედაც დგას ევროპა"

"რუსეთმა ომი გამოუცხადა არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ყველა იმ პრინციპებს, რაზედაც დგას ევროპა"

09/05/2022 14:04:52 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დღეს ევროპა უმძიმესი გამოწვევის წინაშე იმყოფება. ამის შესახებ მან ევროპის დღესთან დაკავშირებით ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"დღეს უმძიმესი გამოწვევის წინაშე იმყოფება ევროპა, ომი შუაგულ ევროპაში თვით ევროკავშირს ემუქრება, რამეთუ რუსეთმა ომი გამოუცხადა არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ყველა იმ პრინციპებს, რაზედაც დგას ევროპა: ჰელსინკის პრინციპები, საერთაშორისო სამართლის კანონები, ყოველივე სახელმწიფოს სუვერენობის და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა, სამართლიანობა, დემოკრატია. პირველ რიგში, ის, რამაც წარმოშვა ევროპული იდეა: ომის მაგივრად მშვიდობასა და სოლიდარობაზე დაფუძნებული ურთიერთობები. ამ გამოწვევაზე ევროპამ გასცა ყველაზე ძლიერი პასუხი: ევროპის 27-ვე წევრი ქვეყნის მჭიდრო ერთიანობა. გასცა ყველაზე ღირსეული პასუხი: არა დათმობა და შეგუება, არა სიფრთხილე და რეალობისგან თავის არიდება, არა ეგოიზმი, არამედ სოლიდარობა, რომელიც დღეს სცილდება ევროკავშირის საზღვრებს და მოიცავს პირველ რიგში, უკრაინას, აგრეთვე მოლდოვას და საქართველოს, ან კიდევ დასავლეთ ბალკანეთს. ეს ღირსეული ევროპა არის ის, რომელთანაც გაერთიანებას ჩვენი მოსახლეობის 88% უჭერს მხარს. ეს ძლიერი ევროპაა, რომელიც საკუთარ ძალას ომიდან კი არა, მშვიდობიანი განვითარებიდან იძენს. სწორედ ის ევროპაა, რომელიც ჩვენ გვიზიდავს და რომლისკენაც მივილტვით. დღეს კი, უკრაინამ თავისი თავდადებული, გმირული, თავდაცვითი ბრძოლით განგვიახლა და დაგვიჩქარა ევროპის გზის გახსნა. უკრაინა და თითოეული უკრაინელი, რომელიც თავს სწირავს საკუთარი სახელმწიფოს დასაცავად, ამავე დროს, თავს სწირავს და იბრძვის ჩვენი, მთლიანი ევროპის თავისუფლებისთვის, საკუთარი და ჩვენი ევროპული გზისთვის. ჩვენთვის გაღებული მსხვერპლის დაფასებაც უნდა ვიცოდეთ, მადლიერება და სოლიდარობა ჩვენი ვალდებულებაა. ჩვენი ვალდებულებაა დღეს, ვიცოდეთ როგორ დავუდგეთ გვერდში უკრაინას, როგორ გამოვხატოთ სოლიდარობა და ამ სოლიდარობაში ევროპელების გვერდით დაგვდგეთ", – განაცხადა პრეზიდენტმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S