ზურაბიშვილი: "უკრაინამ თავისი გმირული ბრძოლით დაგვიჩქარა ევროპის გზის გახსნა"

09-05-2022 19:11:39 საგარეო პოლიტიკა

ევროპის დღესთან დაკავშირებით ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ ორგანიზებული ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

„დღეს უმძიმეს გამოწვევის წინაშე იმყოფება ევროპა, ომი შუაგულ ევროპაში თვით ევროკავშირს ემუქრება, რამეთუ რუსეთმა ომი გამოუცხადა არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ყველა იმ პრინციპებს, რაზედაც დგას ევროპა: ჰელსინკის პრინციპები, საერთაშორისო სამართლის კანონები, ყოველივე სახელმწიფოს სუვერენობის და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა, სამართლიანობა და დემოკრატია. და პირველ რიგში ის, რამაც წარმოშვა ევროპული იდეა: ომის მაგივრად მშვიდობაზე და სოლიდარობაზე დაფუძნებული ურთიერთობები.

ამ გამოწვევაზე ევროპამ გასცა ყველაზე ძლიერი პასუხი: ევროპის 27-ვე წევრი ქვეყნის მჭიდრო ერთიანობა! გასცა მან ყველაზე ღირსეული პასუხი: არა დათმობა და შეგუება, არა სიფრთხილე და რეალობისგან თავის არიდება, არა ეგოიზმი, არამედ სოლიდარობა, რომელიც დღეს სცილდება ევროკავშირის საზღვრებს და მოიცავს, პირველ რიგში, უკრაინას, აგრეთვე მოლდოვას და საქართველოს ან კიდევ დასავლეთ ბალკანეთს. ეს ღირსეული ევროპა არის ის, რომელთანაც გაერთიანებას ჩვენი მოსახლეობის 88% მხარს უჭერს. ეს ძლიერი ევროპაა, რომელიც საკუთარ ძალას ომიდან კი არა, მშვიდობიანი განვითარებიდან იძენს, სწორედ ის ევროპაა, რომელიც ჩვენ გვიზიდავს და რომლისკენაც მივილტვით", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, უკრაინამ საქართველოს დაუჩქარა ევროპის გზის გახსნა:

„დღეს კი, უკრაინამ თავისი თავდადებული, გმირული, თავდაცვითი ბრძოლით განგვიახლა და დაგვიჩქარა ევროპის გზის გახსნა. უკრაინა და თითოეული უკრაინელი, რომელიც თავს სწირავს საკუთარი სახელმწიფოს დასაცავად, ამავე დროს, თავს სწირავს და იბრძვის ჩვენი და მთლიანი ევროპის თავისუფლებისთვის, საკუთარი და ჩვენი ევროპული გზისთვის, - ამბობს ზურაბიშვილი და ყურადღებას ამახვილებს მადლიერების გამოხატვის აუცილებლობაზე, - ჩვენთვის გაღებული მსხვერპლის დაფასებაც უნდა ვიცოდეთ, მადლიერება და სოლიდარობა ჩვენი ვალდებულებაა. ჩვენი ვალდებულებაა დღეს, რომ ვიცოდეთ, როგორ დავუდგეთ გვერდში უკრაინას, როგორ გამოვხატოთ სოლიდარობა და ამ სოლიდარობაში ევროპელების გვერდით დავდგეთ. ყველას ესმის, რომ თავისთავად ოკუპირებული ტერიტორიების მქონე ქვეყანა, საფრთხის ქვეშ მყოფი, ვერ შეედრება ძლიერ ევროპულ ქვეყნებს, თუმცა სოლიდარობის გამოხატვას მრავალი ფორმა გააჩნია. ჩვენი ვალდებულებაა, რომ ამ გზაზე, რაზეც ნაადრევად დაგვაყენა უკრაინის ბრძოლამ, არაფერი დავიშუროთ და ყველა ნაბიჯი გადავდგათ, რომ ეს მოცემული შანსი რეალობად ვაქციოთ. ის ქართული გზა ევროპისკენ, რომელიც გადის ახლო მეზობლობაზე, აღმოსავლეთ პარტნიორობაზე, ვიზალიბერალიზაციაზე, თავისუფალ ვაჭრობაზე და ასოცირების სტატუსზე, დღეს გადავიდა ახალ განზომილებაში. შორეული პერსპექტივა დღეს ხელმისაწვდომი ხდება, თუ ჩვენ შევძლებთ კითხვარში დასმულ კითხვებზე არა მხოლოდ პასუხის დაწერას, არამედ შესრულებას. მჯერა, რომ შევძლებთ!"

ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი საქართველომ 3 მარტს გააგზავნა, 11 აპრილს კი ევროკომისიისგან კანდიდატის წევრობის კითხვარი მიიღო. 15 აპრილს, "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით", ხელისუფლებამ ის გაასაჯაროვა.

დოკუმენტის პირველი ნაწილი 369 კითხვისგან შედგებოდა. იგი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიტერიუმებით აფასებდა საქართველოს მზაობას, მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

საქართველოსთან ერთად, 3 მარტს, წევრობის განაცხადი გააგზავნა მოლდოვამ. მანამდე, 28 თებერვალს - უკრაინამ. ორივე ქვეყანამ კითხვარებზე პასუხები ევროკავშირს უკვე ჩააბარა.

29 აპრილს საქართველოს ხელისუფლებამ გაასაჯაროვა დოკუმენტის მეორე ნაწილი. მასში თითქმის 2300 კითხვაა. იგი არკვევს, რამდენად მორგებულია საქართველოს კანონმდებლობა ევროპულს, რამდენად მოხერხდება მასში ცვლილებების შეტანა და რამდენად მზადაა საქართველო, შეასრულოს ის ვალდებულებები, რომლებსაც ევროკავშირის წევრობა დააკისრებს.

დოკუმენტის ორივე ნაწილში ევროკომისია მოუწოდებს ხელისუფლებას, დაასაბუთოს პასუხები კონკრეტული მაგალითებით.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის პირველი ნაწილის პასუხები 2 მაისს გადასცა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა 6 მაისს განაცხადა, რომ კითხვარის მეორე, შევსებულ ნაწილს ევროკომისიას 10 მაისს ჩააბარებენ.

ევროპის დღე, რომელიც ყოველწლიურად 9 მაისს აღინიშნება, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რობერტ შუმანის 1950 წლის დეკლარაციის პატივსაცემად დაწესდა. მან წარადგინა იდეა, ევროპაში პოლიტიკური თანამშრომლობის ახალი ფორმის შესახებ, რომელიც ევროპის ქვეყნებს შორის ნახშირისა და ფოლადის მარაგების გაზიარებას ითვალისწინებდა და რომელიც ევროპაში ომს წარმოუდგენელს გახდიდა. ამ იდეამ საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ევროპის კავშირს, რომელიც დღეს 27 ქვეყანასა და 447.7 მილიონ მოქალაქეს აერთიანებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები