"თუ აქვთ ილუზია, რომ ბიძინა ივანიშვილი თანხის სანაცვლოდ, როგორიც არ უნდა იყოს ეს თანხა, ვინმეს ქვეყანას გაანადგურებინებს, მათ არ სცნობიათ კარგად ის და მისი ხასიათი"
10/05/2022 10:10:11 პოლიტიკა
,,რაც შეეხება, ერთი თვის განმავლობაში, გადარიცხვის შეფერხებას. როდესაც ასეთ გადარიცხვას, სტანდარტულს, სჭირდება რამდენიმე საათი, როდესაც ასეთი რამ ხდება და როდესაც შვეიცარიული ბანკი მთელი საბანკო სისტემის რეპუტაციას აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ, იქ, რა თქმა უნდა, უფრო ღრმა ეჭვებში შეიძლება შეხვიდე.,’’ - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მას ჟურნალისტმა ხათუნა ხოფერიას განცხადებასთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა. კერძოდ, ხოფერია ივანიშვილისთვის გადარიცხვების შეფერხებას ვრცელი პოსტით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შვეიცარიული ბანკის მიერ ტრანზაქციების შეჩერების და ამ მასშტაბის კოორდინაციის ორგანიზების რესურსი მხოლოდ ერთ დიდ მოთამაშეს – ამერიკას აქვს.
თავად კობახიძე არ აკონკრეტებს ვის კოორდინაციაზე საუბრობს და ამბობს, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე მეტს ვერაფერს იტყვის
,,ამაზეა საუბარი, ხომ არ არის ეს შანტაჟი? მითუმეტეს, რომ თავად ბანკის განცხადებაში პოლიტიკური მესიჯი იყო გამორეული. თუ ეს არის პოლიტიკური შანტაჟი, კიდევ ერთხელ, გავიმეორებ, რომ მათ არ სცნობიათ ბიძინა ივანიშვილი. თუ აქვთ იმის ილუზია, რომ ბიძინა ივანიშვილი თანხის სანაცვლოდ, როგორიც არ უნდა იყოს ეს თანხა, ვინმეს ქვეყანას გაანადგურებინებს, მათ არ სცნობიათ კარგად, ბიძინა ივანიშვილი და მისი ხასიათი,’’ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ს მეორედ უჩივის.
ივანიშვილის მიერ დაქირავებული კომპანია Cision-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ Credit Suisse-ს მიერ ბენეფიციარების ინტერესების დასაცავად და საჭიროებისამებრ თანხის გაცემის უზრუნველსაყოფად დაფუძნებულ Green Vals Trust-ში ბანკმა ოპერაციები შეაყოვნა, რითიც ივანიშვილს მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიადგა. განცხადების თანახმად, სარჩელი წარმოიშვა ბენეფიციარების აქტივების მართვასთან დაკავშირებით რწმუნებულის ვალდებულებების სერიოზული დარღვევისა და კლიენტის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფის შედეგად.
„2022 წლის 4 მარტს ბენეფიციარებმა მოითხოვეს თანხის გაცემა, რომელიც მეურვემ მხოლოდ 2022 წლის 4 აპრილს დაამტკიცა, რამაც ბენეფიციარებს ფინანსური ზიანი მიაყენა. მეურვემ შეფერხების დასასაბუთებლად მოიხსენია „გეოპოლიტიკური გარემო აღმოსავლეთ ევროპაში“. ბენეფიციარებს არანაირი კავშირი არ აქვთ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრასთან და არ ექვემდებარებოდნენ რამე სანქციებს.
ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, აქვს ორმაგი მოქალაქეობა მხოლოდ საფრანგეთთან და საქართველოსთან, არ არის და არ შეიძლება იყოს დაკავშირებული სანქცირებული ორგანიზაციებისა და პირების სიასთან. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია საჯაროდ, თუმცა რწმუნებულმა ვერ შეძლო ამ საჯაროდ ცნობილი ინფორმაციის დროული გადამოწმება და, სავარაუდოდ, ბატონი ივანიშვილი ბანკისგან არა მხოლოდ დისკრიმინაციის, არამედ პოლიტიკური ზეწოლის კამპანიის მსხვერპლიცაა“, — ნათქვამია განცხადებაში.


