"მიშას რამდენიმე დიაგნოზი აქვს დასმული და ისეთი დაავადებებია, აქ არ ეშველება არაფერი"
10/05/2022 13:32:23 პოლიტიკა
საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში მოინახულა, ამბობს, რომ მის შვილს რამდენიმე დიაგნოზი აქვს დასმული და ყველა მათგანი საზღვარგარეთ მკურნალობას საჭიროებს.
„გზაში ვიყავი, რომ გავიგე, რაც გამოცხადდა [იუსტიციის სამინისტროს შეთავაზება "ვივა მედში" გადაყვანის თაობაზე], რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგია და კმაყოფილი ვარ. ადამიანი ვერ ჭამს, ეს გამოსაკვლევია. კარგია, რომ დათანხმდა. მიშას რამდენიმე დიაგნოზი აქვს დასმული და ეს ისეთი დაავადებებია, აქ არ ეშველება არაფერი. ამას აუცილებლად დასჭირდება შემდგომი უკვე გაგრძელება გარეთ. რაღაცის იმედი დღეს ნამდვილად გამიჩნდა და ვფიქრობ, რომ ამას ექნება გაგრძელება უსათუოდ. გამხდარია, მაგრამ დღეს რაც მოხდა, ამან იმედი გამიჩინა და ვნახოთ“, – განაცხადა ალასანიამ.
იუსტიციის სამინისტრო საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანას სთავაზობს.
სახალხო დამცველთან არსებული სამედიცინო კონსილიუმის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილს აქვს ცილოვანი შიმშილი, რაც, სავარაუდოდ, გამოწვეულია რეზისტენტული პოსტტრავმული სტრესული აშლილობითა და დეპრესიით, რამაც საბოლოო შედეგად დააყენა ანორექსია. კონსილიუმის დასკვნით, საჭიროა ჩატარდეს ნეიროფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია.
მიხეილ სააკაშვილის ოჯახი მკურნალობისთვის მის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვს და აქციებს აანონსებს.


