G7-ის შეხვედრაზე მიწვეულ პარტნიორებს შორის მოლდოვისგან განსხვავებით, საქართველო არ ფიგურირებს
13/05/2022 09:18:14 პოლიტიკა
G7-ის შეხვედრაზე მიწვეულ პარტნიორებს შორის მოლდოვისგან განსხვავებით, საქართველო არ ფიგურირებს.
უკრაინაში რუსეთის აგრესიას და მისი რეგიონული და გლობალური შედეგების დაძლევას განიხილავენ გერმანიაში G7-ისა და ნატო–ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრებზე. ოფიციალური ინფორმაციით, G7-ის თავმჯდომარე ქვეყნის გერმანიის მიერ მიწვეულ სტუმრებს შორის არიან უკრაინა, მოლდოვა და ინდონეზია. ხოლო ნატო–ს მინისტერიალში მონაწილეობას წევრი ქვეყნების გარდა, ფინეთი და შვედეთიც მიიღებენ.
აღსანიშნავია, რომ გაერო–ს მონაცემებით, ომის დაწყებიდან დაახლოებით, ნახევარი მილიონმა ლტოლვილმა გადაკვეთა უკრაინა-მოლდოვის საზღვარი, აქედან 100 000–მდე პირი მოლდოვაში დარჩა. რაც შეეხება ინდონეზიას, ის წელს G20-ის თავმჯდომარე ქვეყანაა.
ხსენებულ შეხვედრებზე თბილისის არმიწვევის მიზეზებთან დაკავშირებით "აქცენტმა" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა. უწყების კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
შეგახსენებთ, რომ აპრილის ბოლოს გერმანიაში, რამშტაინის ამერიკულ საჰაერო-სამხედრო ბაზაზე 40 ქვეყნის თავდაცვის მინისტრი შეიკრიბა რუსეთის აგრესიისგან უკრაინის დაცვის საკითხზე სამსჯელოდ. შეხვედრის მასპინძელი აშშ იყო. მინისტერიალს ნატო–ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები, ასევე ალიანსის 14 არაწევრი სახელმწიფოს მინისტრები ესწრებოდნენ. საქართველო არც ამ შეხვედრაზე იყო წარმოდგენილი. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ეს ფაქტი იმით ახსნა, რომ განხილვის მთავარი თემა კიევისთვის იარაღის მიწოდება და უკრაინის პოსტსაომარ პერიოდში აღდგენა იყო, საქართველოს როლი კი არა სამხედრო, არამედ პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერით შემოიფარგლება.


