სპეცსამსახურებში პუტინით უკმაყოფილება იზრდება

13-05-2022 15:02:44 ანალიზი

ჟურნალისტურ საგამოძიებო ჯგუფ agentura.ru-ს ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთისთვის მოვლენათა დრამატული განვითარების ფონზე მთავარი სადაზვერვო სამმართველო (ГРУ) პრეზიდენტ პუტინისთვის ძირითად დასაყრდენად ყალიბდება, ხოლო უსაფრთოების ფედერალური სამსახური (ФСБ) პოზიციებს თმობს.

გასულ კვირას გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინის ტერიტორიაზე სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვება-ანალიზის პროცესის მთავარი კურატორი რუსეთის სამხედრო დაზვერვის (მთავარი სადაზვერვო სამმართველოს, ან გნებავთ, გენშტაბის მთავარი სამმართველოს – როგორც მას ოფიციალურად მოიხსენიებენ) ხელმძღვანელის პირველი მოადგილე ვლადიმირ ალექსეევი გახდა. "სწორედ მას ევალება ამიერიდან სამიზნეების განსაზღვრა-მონიშნვა რუსული კალიბრებისთვის, - წერდნენ “Царьградъ” და სხვა კრემლისტური გამოცემები.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს საკმაოდ სერიოზული ცვლილებაა. მანამდე უკრაინის კუთხით სადაზვერვო ინფორმაციის მთავარ მიმწოდებლად ითვლებოდა ФСБ, კერძოდ, მისი სახელოვანი “მე-5 სამსახური”.

რუსი ანალიტიკოსების აზრით, ეს ცვლილება იმის მანიშნებელია, რომ უკრაინაში სამხედრო კამპანიის ტოტალური წარუმატებლობის ფონზე პრეზიდენტი პუტინი ახლა სამხედროებს უფრო ენდობა.

“საქმე ისაა, რომ სწორედ ФСБ-ს “მე-5 სამსახურს” ჰქონდა დავალებული უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პოლიტიკური ოპოზიციის კულტივირება, მასობრივი საპროტესტო მანიფესტაციებისა და საბოლოოდ გადატრიალების მომზადება, თუმცა, როგორც ვხედავთ, ამ კუთხით რუსეთს არაფერი გამოუვიდა – და მიღებულ იქნა სამხედრო გზით მოქმედების გადაწყვეტილება, ამისათვის კი სამხედრო მზვერავები გახდა საჭირო” – განმარტავს პროექტ agentura.ru-ს ხელმძღვანელი ანდრეი სოლდატოვი.

უკრაინაში რუსეთისთვის მოვლენების დრამატული განვითარებისა და შემდგომ პრეზიდენტ პუტინის მიერ ФСБ-ს მთელი რიგი მაღალჩინოსნების მიმართ რეპრესიების წამოწყების ფონზე მოსკოვში აქტიურად დაიწყო ცირკულირება ინსაიდერულმა ინფორმაციამ პუტინის წინააღმდეგ შეთქმულებების მზადების შესახებ. ამ კონტექსტში როგორც ოლიგარქატი, ისე სპეცსამსახურებიც სახელდება.

როგორც ამასთან დაკავშირებით სოლდატოვი აღნიშნავს, “პირველად უახლეს ისტორიაში, სპეცსამსახურები მათსა და ვლადიმირ პუტინს შორის ერთგვარ დისტანციას აყალიბებენ".

"თუ 2014 წელს, დონბასისა და ყირიმის ცნობილი მოვლენებისას სპეცსამსახურები, სამხედროები სრულად უჭერდნენ მხარს პრეზიდენტის გადაწყვეტილებებსა და მოქმედებებს, დღეს ვითარება სრულიად განსხვავებულია: ძალიან ბევრი აფიქსირებს პრეზიდენტის გადაწყვეტილებების სიმცდარეს, ან, მინიმუმ, მიზნებსა და მათი მიღწევის გზებზე პუტინისგან განსხვავებულ ხედვას. ზოგი თვლის, რომ ეს საომარი კამპანია იმთავითვე შეცდომა იყო, ზოგი – რომ გადაწყვეტილება სწორი იყო, მაგრამ არასწორად შეირჩა მიზნის მიღწევის დრო და გზები, ზოგიც იმითაა უკმაყოფილო, რომ სამხედრო კამპანიის წარუმატებლობის ფონზე რუსეთი უკან იხევს და თავდაპირველად დეკლარირებული მიზნები აშკარად შეამცირა – სამხრეებიან ადამიანებს სწყურიათ მასშტაბური მიღწევები, რათა ამ ომში რუსული არმიის მიერ განცდილი უდიდესი დანაკარგები “გაამართლონ” – ამბობს სოლდატოვი.

თუმცა იმის პროგნოზირება, რომ ეს უკმაყოფილება აუცილებლად გადაიზრდება რეალურ შეთქმულებაში, მისი აზრით, ნაადრევია:

“როგორც რუსეთის უახლესმა ისტორიამ გვიჩვენა, ჩვენს სპეცსამსახურებსა და სამხედროებს საიდუმლო ორგანიზაციების ჩამოყალიბება ხეირიანად ვერ გამოსდით. ამის მიზეზი არა იმდენად ФСБ-ს წინააღმდეგობაა, რამდენადაც ის, რომ რუს სამხედროებს არ აქვთ ერთმანეთში მოლაპარაკების იმდენად კარგი უნარი, როგორიც, მაგალითად, სამხედროებს თურქეთში, ეგვიპტეში ან ლათინურ ამერიკაში. ასე იყო დღემდე. თუმცა ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები”.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები