
"ამ რეჟიმის მშვიდობიანად შეცვლა ორ რამეზეა დამოკიდებული" - ბოკერია ხელისუფლების შეცვლის გზებს ასახელებს
14/05/2022 10:46:33 პოლიტიკა
რიგგარეშე არჩევნების მიღწევას ქვეყნის შიგნით, საზოგადოების უფრო ფართო მასების გააქტიურება და ქვეყნის გარეთ, ჩვენი საერთაშორისო მეგობრებისგან „ქართულ ოცნებაზე“ გაზრდილი წნეხი სჭირდება, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლების ცვლილებას სჭირდება ცვლილებები ოპოზიციის ნაწილის ქმედებებში, რასაც სამწუხაროდ, „ჩვენ ვერ ვხედავთ საპარლამენტო ოპოზიციისგან“.
„ის, თუ როდის შევძლებთ ჩვენ ამ რეჟიმის მშვიდობიანად შეცვლას, რაც არის ჩვენი ეროვნული ამოცანა და შემდეგ იმ ნაბიჯების გადადგმას, რომლებიც საქართველოს თავისუფალ და უსაფრთხო ქვეყნად გახდის, არის დამოკიდებული ორ რამეზე, ჩვენს საზოგადოებაზე ანუ ჩვენზე და ბუნებრივია, ამასთან ერთად იმისთვის, რომ ხელისუფლების შეცვლა მშვიდობიანად მოხდეს, თავისუფალი სამყაროს წნეხზე. ამ ორივე ამოცანის მიღწევას სჭირდება თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმა და ამ რეჟიმის პოლიტიკურ და მორალურ იზოლაციაში მოქცევა.
რიგგარეშე არჩევნები რეალური იქნება თუ ჩვენ მოვახერხებთ ვინც აქტიურ პოლიტიკაში ვართ, ღირებულებების გარშემო გაერთიანებას, ამ რეჟიმის მორალური და პოლიტიკური იზოლირებით, არა ბუნდოვანების შექმნით, არამედ ყოველ ჯერზე იმის დემონსტრირებით, რომ ეს პუტინისტური რეჟიმი არის ჩვენი ქვეყნის მომავლის მტერი. ეს უნდა გავაკეთოთ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ და თუ ეს შევძელით და დავარწმუნეთ საზოგადოების უფრო დიდი რაოდენობა, „ქართულ ოცნებას" მოუწევს დათმოს ძალაუფლება, თუმცაღა სამწუხაროდ ეს ჯერ ასე არ არის. ხელისუფლების ცვლილებას სჭირდება ცვლილებები ოპოზიციის ნაწილის ქმედებებში, რასაც სამწუხაროდ ჩვენ ვერ ვხედავთ საპარლამენტო ოპოზიციისგან”, - განაცხადა ბოკერიამ.