"გვარამიას დაკავება არის განაცხადი, რომ ხელისუფლება პუტინისკენ მიდის"
16/05/2022 08:34:55 პოლიტიკა
“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ “მთავარი არხის” დირექტორის ნიკა გვარამიას დაკავება კიდევ ერთი განაცხადია საქართველოს დასავლელი პარტნიორებისთვის, რომ ხელისუფლება არა “თავისუფლებისკენ და ევროპისკენ, არამედ პუტინისკენ მიდის”.
მისი შეფასებით, საქმე, რომლის საფუძველზეც ნიკა გვარამია დააკავეს, "აბსურდულია":
"ეს არის აბსურდული, რადგან ვინმე ცუდად მართავდა კომპანიას თუ კარგად, ეს მხოლოდ კომპანიის შიგნით, შიდა განხილვის საგანი უნდა ყოფილიყო. ამისთვის ადამიანის დაკავება ნიშნავს, რომ ხელისუფლებას შეუძლია ყველაფერი, ნებისმიერ ადამიანთან მიმართებაში. ეს არის განცხადი [დასავლელი პარტნიორებისთვის], ისედაც ეს შთაბეჭდილება იკვეთება ყველა ჩვენი პარტნიორისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლება საპირისპირო გზით მიდის თავისუფლების ამბავში, ანუ არა ევროპაში, თავისუფალ სამყაროში, ევროატლანტიკურ სივრცეში დაბრუნებისკენ, არამედ პუტინისკენ. თუმცა აქაც იგი [ბიძინა ივანიშვილი] შეეცდება, რომ იანუკოვიჩივით შეინარჩუნოს რაღაც ბუნდოვანება. ეს არ იქნება ეგრევე ლუკაშენკოს რეჟიმი, ყველა არხი რომ ზეგ დახუროს, მაგრამ ეს გზა აქამდე მიდის. ეს ყველა მოქალაქეს უნდა ესმოდეს”.
ცნობისთვის: დღეს სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ სცნო რიგ ბრალდებებში და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ასევე, დააკისრა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით. გვარამია სასამართლოს დარბაზშივე დააკავეს.


