გვარამიას დაკავების შემდეგ უგულავა სამოქმედო გეგმებზე საუბრობს: "უნდა შეჩერდეს ქვეყნის ჩათრევა რუსულ ჭაობში"
16/05/2022 08:45:51 პოლიტიკა
ტელეკომპანია "მთავარი არხის" დირექტორის ნიკა გვარამიას დაკავების შემდეგ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა სამოქმედო გეგმებზე საუბრობს.
მისი თქმით, მთავარი კოორდინირებული მუშაობაა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო მიმართულებით.
"მე ვფიქრობ, უნდა ჩამოყალიბდეს არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების, თავისუფალი მედიისა და პოლიტიკური პარტიების საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც დაგეგმავს ღონისძიებებს. მნიშვნელოვანია საერთაშორისო მიმართულებაც. მნიშვნელოვანია, რომ ტელევიზიამ გააგრძელოს მუშაობა, ეს მნიშვნელოვანი ტესტი იქნება იმიტომ, რომ ნიკა დაიჭირეს იმისთვის, რომ ჩამოიშალოს "მთავარი", უნდა იყოს საპროტესტო აქციებიც. საბოლოო ჯამში, უნდა მივიდეთ იქამდე, რომ ნიკა გათავისუფლდეს ისევე, როგორც ყველა პოლიტიკური პატიმარი, მაგრამ უნდა შეჩერდეს ქვეყნის ჩათრევა რუსულ ჭაობში, ეს არის მეგა ამოცანა და ამ ამოცანის შესრულებისთვის აუცილებელია ნიკას თავისუფლება და მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება", – აცხადებს უგულავა.
ცნობისთვის: დღეს სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ სცნო რიგ ბრალდებებში და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ასევე, დააკისრა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით. გვარამია სასამართლოს დარბაზშივე დააკავეს.


