იოსელიანი – გვარამიას პატიმრობაზე: "ციხის ენით საუბარი ერთიანობის იდეას გვაშორებს"
16/05/2022 08:54:44 პოლიტიკა
პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი “მთავარი არხის” დირექტორ ნიკა გვარამიასთვის პატიმრობის მისჯის ფაქტს ეხმიენება და აცხადებს, რომ "ციხის ენით საუბარი ერთიანობის იდეას გვაშორებს".
მისი თქმით, გვარამიას საქმეში „სასჯელის უმძიმესი ფორმის გამოყენება საერთაშორისო საზოგადოებისთვის ითარგმნება, როგორც ყველაზე კრიტიკული ოპოზიციური არხის ხელმძღვანელის დაპატიმრება, რაც ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ ქვეყანას არ აწყობს".
"ნიკა გვარამიას პირადად ვიცნობ და ძალიან ბევრ რამეში არ და ვერ ვეთანხმები. იმ პარტიასთანაც ბევრი პრობლემა მაქვს, რომლის ტელევიზიასაც ის ხელმძღვანელობს. არც თავად იზიარებს ჩემს პოლიტიკურ შეხედულებებს მაინდამაინც.მაგრამ როგორი დამოკიდებულება გაქვს პირადად ნიკა გვარამიას და ნაციონალური მოძრაობის მიმართ არის ერთი და რა შედის ქვეყნის ინტერესებში, მეორე.მუხლი, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა სასჯელის გაცილებით მსუბუქ ფორმებსაც ითვალისწინებს, ჯარიმას ან შინაპატიმრობას. სასამართლომ კი ყველაზე მძიმე ფორმა პატიმრობა მიუსაჯა, რომლის გამოყენება არსებული კონტექსტის გათვალისწინებით, საჭირო არ იყო.მე არ ვიცნობ საქმის მასალებს საკმარისად კარგად, რის გამოც გამიჭირდება ვინმეს ბრალეულობაზე საუბარი. მაგრამ ცალსახაა, რომ სასჯელის უმძიმესი ფორმის გამოყენება, საერთაშორისო საზოგადოებასთან შემდეგნაირად ითარგმნება, რომ ყველაზე კრიტიკული ოპოზიციური არხის ხელმძღვანელი არის ციხეში. ეს კი რამდენად აწყობს ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ ქვეყანას, რთული მისახვედრი არ არის.შეიძლება ამ ქვეყანაში ბევრ ადამიანს გულს ფხანდეს ვინმეს პატიმრობა, მაგრამ ერთ წრეზე სიარულმა და ერთმანეთის ჯიბრში ჩადგომამ, ბოლო 30 წელია, კარგი რომ არაფერი მოგვიტანა, ფაქტია. წინა ხელისუფლების მმართველობიდან თუ რაიმე გაკვეთილი უნდა გამოგვეტანა არის, ის რომ დაპატიმრების და ციხის ენით საუბარი გვაშორებს ერთიანობის იდეას და დემოკრატიულ მომავალს", – წერს იოსელიანი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: დღეს სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ სცნო რიგ ბრალდებებში და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ასევე, დააკისრა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით. გვარამია სასამართლოს დარბაზშივე დააკავეს.


