"ნიკა გვარამიას დაკავება არ გვაძლევს ჩვენ უფლებას, გავხდეთ ჭირისუფლები"
16/05/2022 09:07:09 პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ "ნიკა გვარამიას დაკავება არ აძლევს მის მხარდამჭერებს უფლებას, გახდნენ ჭირისუფლები".
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის, როგორც რუსი ოლიგარქის დამარცხების გზაზე უნდა მოიკვეთონ ის ადამიანები, რომლებიც ოპოზიციურ პლატფორმაზე უარყოფით პროცესებს ავითარებენ:
"გეგმა უცვლელია, ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ვებრძვით ადამიანს, რომელმაც მიიტაცა სახელმწიფო და ფესვები ღრმად გაიდგა. მან კლასიკური ავტოკრატიული სახელმწიფო ჩამოაყალიბა. ძალიან ცდება ყველა ის ჩვენი საერთაშორისო მეგობარი, ან საქართველოში მცხოვრები ადამიანი, თუნდაც ერთი ადამიანი, ვინც იტყვის, რომ ჩვენს სახელმწიფოში ჯერ კიდევ დემოკრატიული წყობილებაა, ვინაიდან არსებობს მედია და სახალხო დამცველის ინსტიტუტი. არა მეგობრებო, ეს არის ავტოკრატიული სახელმწიფო დემოკრატიული ნიშნებით. ეს ნიშნებიც იმიტომაა, რომ ჯერ კიდევ არსებობს „მთავარი არხი“, ტელეკომპანია „პირველი“, ტელეკომპანია „ფორმულა“, „კავკასია“. ამ ყველაფერს თუ მოვაშორებთ, და ამის მცდელობა დავინახეთ დღეს, ვიქცევით კლასიკურ ავტოკრატიულ სახელმწიფოდ. ამიტომ, აქ არის საჭირო დაუღალავი და უკომპრომისო ბრძოლა. ოლიგარქის დამარცხების გზაზე, ოლიგარქის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე უფრო მძიმეა და უფრო საზიანოა ის ადამიანები, რომლებიც თითქოს არიან არა ბიძინა ივანიშვილის მხარეს გამოხატულად, არამედ ჩვენ მხარეს და სინამდვილეში კი მის მხარეს არიან, რომლებიც აკრიტიკებდნენ იგივე ნიკა გვარამიას და ამბობდნენ, რომ ნიკა გვარამია არის შეკრული, ეს და ეს არ გააკეთა და ამით ძლიერდებოდა რეჟიმი. უნდა მოიკვეთოს ის ჯგუფი ადამიანებისა, ვინც უარყოფით პროცესებს ავითარებს ოპოზიციის პლატფორმაზე და შეფუთულები არიან როგორც ქომაგები დემოკრატიის. დღეს ნიკა გვარამიას დაკავება არ გვაძლევს ჩვენ უფლებას, გავხდეთ ჭირისუფლები".
ცნობისთვის: დღეს სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ სცნო რიგ ბრალდებებში და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ასევე, დააკისრა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით. გვარამია სასამართლოს დარბაზშივე დააკავეს.


