"გირჩი-მეტი თავისუფლება": "ივანიშვილის დე-ფაქტო ხელისუფლება არსებულ სასამართლო კლანთან ერთად დასანგრევია"
16/05/2022 10:33:08 პოლიტიკა
პარტია "გირჩი მეტი თავისუფლება" საქალაქო სასამართლოს მიერ "მთავარი არხის" დირექტორ ნიკა გვარამიას წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმიანება და აცხადებს, რომ "ბიძინა ივანიშვილის "დე-ფაქტო ხელისუფლება არსებულ სასამართლო კლანთან ერთად დასანგრევია".
"ქართული ოცნების" მცდელობა - ძალით გააჩუმონ ადამიანი, არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის დაკავება, ეს მთლიანად ოპოზიციური მედიის დადუმებას ნიშნავს. ნიკა გვარამიას დაჭერა კიდევ ერთი ნიშანია, რომ ივანიშვილის დე-ფაქტო ხელისუფლება არსებულ სასამართლო კლანთან ერთად დასანგრევია. არ უნდა შევიქმნათ ილუზია, რომ რამეს არ იკადრებენ. ძალაუფლებისთვის ყველაფერზე წამსვლელები არიან. ნურავის იმედი გექნებათ, ყველაფერი ჩვენი გასაკეთებელია. არ დანებდეთ. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ბოლომდე უნდა დავიცვათ. სოლიდარობა ნიკა გვარამიას!", - აცხადებს "გირჩი მეტი თავისუფლება".
ცნობისთვის: დღეს სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ სცნო რიგ ბრალდებებში და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ასევე, დააკისრა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით. გვარამია სასამართლოს დარბაზშივე დააკავეს.


