რუმინეთი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ პერსპექტივას მხარს უჭერს
16/05/2022 10:37:53 პოლიტიკა
რუმინეთი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ პერსპექტივას მხარს უჭერს. ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოგდან ლუსიან აურესკუმ ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე განაცხადა.
"რუმინეთი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური პერსპექტივის ერთ-ერთი უდიდესი მხარდამჭერია. მიგვაჩნია, რომ საქართველოს ადგილი ისევე, როგორც უკრაინისა და მოლდოვის, არის ევროკავშირში, რადგან ისინი ევროპულ ოჯახს მიეკუთვნებიან, ვფიქრობ, წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება სამივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ეს არ არის პროცესის დასასრული, ეს მხოლოდ დასაწყისია ძალიან მნიშვნელოვანი პროცესისა და ამ ქვეყნებს სჭირდებათ გზამკვლევი რეფორმებისთვის. ამის შემდეგ პროცესში ჩართული თითოეული ქვეყნის გადასაწყვეტი იქნება ამ გზის გაგრძელდება. ჩვენ, რუმინეთი, მზად ვართ, ამ პროცესს მხარი დავუჭიროთ. მნიშვნელოვანია, გადაწყვეტილება რაც შეიძლება სწრაფად იქნას მიღებული. ამის შემდეგ ამ ქვეყნებზე იქნება, გააგრძელონ სვლა ამ მნიშვნელოვან გზაზე და ჩვენ იქ ვიქნებით, მათ გვერდით, რომ მხარი დავუჭიროთ მათ“, – განაცხადა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ცნობისთვის: 3 მარტს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს ხელი მოაწერა. ქვეყნის ხელისუფლებამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება 2 მარტს მას შემდეგ მიიღო, რაც მიმდინარე ომის ფონზე უკრაინამ ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით მოთხოვნა გააკეთა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს წარადგინა მოლდოვამაც.
11 აპრილს ევროკომისარმა სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი გადასცა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელს, ევროკავშირის კითხვარის პირველი ნაწილი 2 მაისს, ხოლო მეორე ნაწილი 10 მაისს გადასცა.
კითხვარზე საქართველოს ხელისუფლების მიერ პასუხების გაცემის შემდეგ ევროკომისია მოამზადებს დასკვნას და ევროპულ საბჭოს გადაუგზავნის.
საგარეოს საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ივნისში დაგეგმილ ევროკაშირის საბჭოს სხდომაზეა მოსალოდნელი.


