Accentnews.ge
„სატრანზიტო დერეფნის როლის რეალიზაცია როგორც ეკონომიკური, ასევე გეოპოლიტიკური ამოცანაა“

„სატრანზიტო დერეფნის როლის რეალიზაცია როგორც ეკონომიკური, ასევე გეოპოლიტიკური ამოცანაა“

18/06/2018 20:00:10 ეკონომიკა

იმის გათვალისწინებით, რომ ქართულ მედიასივრცეში ამ კუთხით ანალიტიკური მასალების სიმწირეა, გადავწყვიტეთ, შემოგთავაზოთ მასალების ციკლი საქართველოში მიმდინარე დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების, კერძოდ პორტების მშენებლობა-განვითარების შესახებ (http://accent.com.ge/ge/news/details/53812).  ვფიქრობთ, მოსახლეობას უფრო ვრცლად და დეტალურად უნდა მიეწოდოს ყველა ის ინფორმაცია, რომელიც ქვეყანაში დაგეგმილ მსხვილ ინფრასრტრუქტურულ პროექტებს უკავშირდება. მოქალაქეებს უფლება აქვთ, იცოდნენ, რა პროექტები ხორციელდება სადღეისოდ, რა იგეგმება სამომავლოდ და რა კონკრეტულ დივიდენდებს მოუტანს ეს ქვეყანას.


დღეს მკითხველს იმ სიკეთეების შესახებ ვუამბობთ, რომელსაც საქართველოს მსგავსი პროექტების განხორციელაბა უსაფრთხოების კუთხით უქადის.


საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანი ეკა აკობია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და ბათუმის ნავსადგურის ტერიტორიაზე თანამედროვე ტერმინალის მშენებლობას ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროექტებად მიიჩნევს და აცხადებს, რომ „რაც უფრო მეტი მსხვილი მოთამაშე იქნება დაინტერესებული საქართველოს სატრანზიტო ფუნქციით, მით მეტ ეკონომიკურ დივიდენდს მივიღებთ და მით მეტად განმტკიცდება ქვეყნის უსაფრთხოების გარემო“.


„თანამედროვე ღრმაწყლოვანი პორტისა და თანამედროვე ტერმინალის მშენებლობა შავი ზღვის რეგიონს ახალ როლს შესძენს და საქართველოს აკვატორიას მკაფიოდ წარმოაჩენს მსოფლიო სატრანზიტო დერეფნების კონკურენტულ რუკაზე. პორტის აშენების მიზაშეწონილობაზე ბევრი თქმულა, ხოლო თუ მოკლედ შევაჯამებთ, სტრატეგიული უპირატესობა, რაც ამ ახალი სატრანზიტო ინფრასტრუქტურით უნდა მოვიპოვოთ, არის შემდეგი: "პანამაქსის" ტიპის დიდი გემების მიღების შესაძლებლობა, რომლებიც გაცილებით მეტ კონტეინერს იტევენ, ვიდრე ფოთის პორტში შემომავალი მცირე გემები; ადგილზე მომსახურების ეფექტური ინფრასტრუქტურის შექმნა, რომელიც რეგიონის სხვა საპორტო მომსახურებას კონკურენციას გაუწევს ტექნოლოგიური თვალსაზრისით, იქნება უფრო მოქნილი და სწრაფი, გამჭვირვალე და კონკურენტული ფასების კუთხით; წლის ნებისმიერ პერიოდში იქნება ღია, ირგვლივ კი განთავსდება თანამედროვე საწყობები და ტვირთების სწრაფი მიწოდების ინფრასტრუქტურა" - განგვიცხადა ეკა აკობიამ.

ამ ყველაფრის უზრუნველყოფა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ევალება “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელმაც სახელმწიფო ტენდერში გაიმარჯვა. მის ეფექტურ და დროულ მუშაობაზეა დამოკიდებული ანაკლიის პროექტის შესაბამის ვადებში განხორციელება.


თუმცა, როგორც ეკა აკობიამ აღნიშნა,  იმისათვის, რომ პორტებმა თვისობრივად ახალი მნიშვნელობა შეიძინონ, საჭიროა კოორდინირებული და ინტენსიური მუშაობა სხვა მიმართულებებითაც: მთავრობამ ერთიანი მიდგომით - ეკონომიკის, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკების კოორდინირებული მუშაობით ძალიან აქტიურად უნდა იმუშავოს ტრანზიტის როგორც აღმოსავლეთის, ასევე დასავლეთის და შუა რგოლის პარტნიორებთან, ვინაიდან გაზრდილი ტვირთბრუნვის გარეშე ამ თანამედროვე და ძვირადღირებულ ინფრასტრუქტურას აზრი ეკარგება.

"აქ უამრავი საკითხია გასათვალისწინებელი: ვისი ტვირთი შემოვა, მოხერხდება თუ არა ამ დიდი გემების შემოშვება ბოსფორის სრუტედან საქართველოსკენ, მიმდინარეობს თუ არა ამ საკითხზე სერიოზული მსჯელობა თურქეთის მხარესთან, ვახერხებთ თუ არა ამ მარშრუტის საჭიროობის დასაბუთებას როგორც ეკონომიკური ეფექტიანობის, ასევე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის თვალსაზრისით, რომელი კომპანიები იქნებიან დაინტერესებულნი ამ დერეფნით? ცხადია, ჩინეთი, ინდოეთი, პაკისტანი, ცენტრალური აზიის ქვეყნები, ცენტრში აზერბაიჯანი და თურქეთი, ხოლო დასავლეთით - ჩვენი პარტნიორები: რუმინეთი, ბულგარეთი. ისინი უმნიშვნელოვანესი მონაწილეები არიან. გვჭირდება მათთან მუდმივი კომუნიკაცია და შესაბამისი მზადყოფნისთვის მემორანდუმების გაფორმება, რათა პორტის გაშენების კვალდაკვალ რეალობა იყოს პორტის სათანადოდ დატვირთვა" - ამბობს ეკა აკობია.

ცხადია, სანამ ანაკლიის პორტი შენდება, მსოფლიო ერთ ადგილზე არ დგას და ამ პორტმა კონკურენცია უნდა გაუწიოს როგორც ჩრდილოეთის (სადაც რუსეთია საკვანძო დერეფანი), ასევე სამხრეთის მარშრუტებს (ზღვით). გარდა ამისა, აკობიას თქმით, უნდა გვქონდეს დივერსიფიცირებული ტვირთის მოწოდება, რადგან მხოლოდ პორტების დატვირთვა რკინიგზას დააზარალებს, ხოლო მცირე ტვირთვითბრუნვით პორტი რენტაბელური ვერ იქნება. ამიტომაც მუდმივად უნდა ვიყოთ უპირატესი ნიშის დაკავების და ამ ნიშის პოლიტიკურად სწორად და ეფექტიანად წარმოჩენის მცდელობების პროცესში.

"საქართველოს უბრალოდ არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ამ გეოპოლიტიკური მიზნის რეალიზაციისკენ მიმართულ ეფექტურ ზომებს დაჩქარებულ ტემპებში არ ახორციელებდეს“ - ამბობს პროფესორი აკობია.


იგი რუსეთის ფაქტორზეც ამახვილებს ყურადღებას:


„დღემდე რუსეთი საქართველოს საკუთარ უკანა ეზოდ განიხილავს, სადაც არავინ უნდა შევიდეს. რაც უფრო მეტი დიდი მოთამაშე იქნება დაინტერესებული საქართველოს სატრანზიტო ფუნქციით, ამით არა მარტო მეტ ეკონომიკურ დივიდენდს მივიღებთ, არამედ განმტკიცდება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარემო. თუ ჩინური, ინდური, პაკისტანური, ვიეტნამური კომპანიები საქართველოზე ტრანზიტის შეუფერხებლად გატარებაში ნახავენ საკუთარ ინტერესს, თუ რევერსული ტრანზიტით დაინტერესდებიან ევროპული კომპანიები, ჩვენ ვიღაცის “უკანა ეზო” კი არა, მნიშვნელოვანი კორიდორი ვიქნებით და რუსეთი ჩვენთან დესტაბილიზაციის მოწყობას ვერ გაბედავს. შესაბამისად, გაიზრდება ჩვენი თავისუფლების ხარისხი. ამ როლის სრულყოფილად რეალიზაცია ქვეყნის ეროვნული ინტერესია და მასზე ბევრი მუშაობა გვმართებს. ჩვენი ამოცანაა, დავაინტერესოთ მსხვილი სავაჭრო პარტნიორები აღმოსავლეთით - ჩინეთი, ვიეტნამი, ინდოეთი, პაკისტანი, ირანი, ამავდროულად ვიყოთ საიმედო გამტარი და რევერსული მიმართულება ევროპის ქვეყნებისთვის, ანუ, ქმედითი კონკურენცია გავუწიოთ ჩრდილოეთის მარშრუტს. ამასთან, აღმოსავლეთით ჩვენი ჩართულობა აუცილებლად უნდა ხდებოდეს ჩვენი ევროპული ინტეგრაციის ამოცანების ჭრილში და ნიუანსობრივად ვაკვირდებოდეთ საერთაშორისო გარემოს".


ეკა აკობია მწუხარებით აღნიშნავს, რომ ამ გამოწვევების ფონზე, კონსტიტუციური ცვილებების შედეგად მალე აღარ გვექნება უშიშროების საბჭო, როგორც უსაფრთხოების სფეროში მაკოორდინირებელი ორგანო და ეს ფუნქცია არც ერთ ახალ უწყებას არ ექენება:

"შესაბამისად, მუდმივად გაჭირდება ასეთ საკითხებზე “ერთიანი მთავრობის” მიდგომის გატარება. საქართველო არ არის პოსტ-მოდერნული ქვეყანა, რომ ასეთი ორგანო მისთვის ზედმეტი იყოს. საქართველოს სჭირდება პოლიტიკების კოორდინაცია, რადგან სატრანზიტო დერეფნის როლის რეალიზაცია როგორც ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული, ასევე გეოპოლიტიკური ამოცანაა“.

პროფესორი აკობია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მსგავსი პროექტების განხორციელება ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტია.


„ამერიკული და ჰოლანდიური კომპანიების ჩართულობა, უპირველეს ყოვლისა, ხარისხის, საიმედოობის და სტაბილურობის გარანტიაა. მაგრამ ყველა ეს ღირებულება ამართლებს და ეფექტურია, როცა გარემოც შესაფერისი ხვდება. ამიტომაც აუცილებელია, გვქონდეს გამჭირვალე და ქმედითი სასამართლო სისტემა, რომ ინვესტორს ჰქონდეს დაცულობის შეგრძნება; ინფორმირებული და მაღალპროფესიული პარტნიორები სამთავრობო თუ არასამთავრობო სექტორში, რომ ინვესტორს ჰქონდეს საიმედოობის განცდა. ამგვარ სიმბიოზს თუ მივაღწევთ, ეს კიდევ ერთი გარანტია იქნება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის“ - აცხადებს ეკა აკობია.


მისივე თქმით, ამ პროექტების წარმატება მოცემულობა კი არ არის, პერსპექტივაა, რომლის რეალიზაციისთვის გვჭირდება სერიოზული მუშაობა, “ერთიანი მთავრობის მიდგომის” პრინციპით:


„არსებული პორტები უკვე შესაძლებლობის მაქსიმუმზე მუშაობს, მიუხედავად იმისა, რომ მუშაობა სეზონური აქვთ და ფასები არ არის კონკურენტული. ამიტომ პორტების მშენებლობა ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, მით უფრო, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში უფრო მეტად შეგვიძლია აღმოსავლეთიდან ტვირთის მოზიდვა, პორტის მიმდებარედ მრეწველობის განვითარება და ევროსტანდარტების შესაბამისი პროდუქციის უკვე ქართული ბრენდით ევროკავშირის ბაზარზე გატანა. საკითხი ასე კი არ უნდა დავსვათ, გაიზრდება თუ არა გადაზიდვების მოცულობა და ჩამონათვალი, არამედ დავფიქრდეთ, როგორ გავზარდოთ გადაზიდვები და პროდუქციის ჩამონათვალი. ეს ბევრ გარე ფაქტორზეა დამოკიდებული (მაგალითად: სანქციების რეჟიმზე, ნავთობის ფასზე, ჩართული ქვეყნების ეკონომიკურ მაჩვენებლებზე), მაგრამ ასევე დამოკიდებულია შიდა ფაქტორებზე: მაქსიმალურად გამართული ინფრასტრუქტურა და სერვისი, კონკურენტული ფასები, მთავრობის დროული საგარეო პოლიტიკური აქტიურობა და დემოკრატიზაციის მზარდი მაჩვენებელი, რაც, თავის მხრივ, ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციის ტემპს განსაზღვრავს. შესაბამისად, ანაკლის პორტის წარმატება მოცემულობა კი არ არის, პერსპექტივაა, რომლის რეალიზაციისთვის გვჭირდება სერიოზული მუშაობა “ერთიანი მთავრობის მიდგომის” პრინციპით” - აცხადებს „აქცენტთან“ საუბრისას ეკა აკობია.


ახალი ამბების სააგენტო „აქცენტი“.


ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S