Accentnews.ge
"რატომ ანერვიულებს პუტინი საქართველოს"

"რატომ ანერვიულებს პუტინი საქართველოს"

17/05/2022 12:08:48 პოლიტიკა

CNN აქვეყნებს კოლუმბიის უნივერსიტეტის საერთაშორისო და საზოგადოებრივ საქმეთა სკოლის ლექტორის ლინკოლნ მიტჩელის სტატიას სათაურით "რატომ ანერვიულებს პუტინი საქართველოს", რომელშიც ანალიტიკოსი პანდემიის შემდეგ თბილისში მის პირველ ვიზიტს აღწერს.

როგორც მიტჩელი წერს, საქართველოში ძლიერი ანტირუსული განწყობაა:

"შენობის კედელზე შევამჩნიე წარწერა „F*ck Putin“. რამდენიმე მეტრში მსგავსი განცხადება იყო რუსულ ენაზე. უკრაინის მხარდამჭერი ბანერები თუ წარწერები ყველგანაა. აქ ყველგან არის ომის შემახსენებელი ნიშნები. როგორც მითხრეს, დაახლოებით, 3 000 ქართველი იბრძვის უკრაინაში, სულ მცირე, 9 მათგანი დაიღუპა. უკვე დაწყებულია საქართველოში რუსეთის სხვაგვარი შემოჭრა – ათასობით რუსი ჩამოვიდა თბილისში მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო. ზოგიერთი მათგანი აქ შეიძლება, ანტიპუტინისტური შეხეულების გამო იყოს, თუმცა, როგორც ქართველი ნაცნობების უმეტესობამ მითხრა, რუსები თბილისში ფულის დახარჯვის შესაძლებლობის ქონის სურვილის გამო არიან".

იგი აღნიშნავს, რომ "ამ ქვეყანაში რუსეთის შემოჭრა არა აბსტრაქტული შიში, არამედ ცოტა ხნის წინანდელი რეალობაა":

"2008 წელს ხანმოკლე ომმა გაამყარა რუსეთის კონტროლი საქართველოს ორ რეგიონზე – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე. ომი დამთავრდა მაშინ, როცა პუტინმა გადაწყვიტა, რომ მიზანს მიაღწია. მიმდინარე წელს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისგან განსხვავებით, დანარჩენმა მსოფლიომ მაშინ დიდწილად არაფერი მოიმოქმედა. ზოგი ადგილობრივი შიშობს, რომ რუსეთის საქართველოში შემოჭრის შემთხვევაში რეაქცია ასეთივე იქნება".

როგორც მიტჩელი წერს, ისედაც მკვეთრად პოლარიზებულ ქვეყანაში ომმა პოლიტიკური დაძაბულობა გაამწვავა:

"ოპოზიციასთან ახლოს მყოფი რამდენიმე ადამიანი, მათ შორის დეპუტატი წამყვანი ოპოზიციური პარტიიდან კი მიიჩნევს, რომ მთავრობა, მართალია, მონაწილეობს სანქციებში, მაგრამ ძალიან შემწყნარებელია რუსეთის მიმართ. დავა იმის შესახებ, თუ როგორი რეაგირება უნდა ჰქონდეს საქართველოს უკრაინაში მიმდინარე ომზე, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობისა და ჯანმრთელობის ცუდი მდგომარეობის ფონზე მიმდინარეობს. მის პატიმრობასთან დაკავშირებით დიდი უთანხმოებაა, მაგრამ ბრალდებები, როგორც მინიმუმ, საკმაოდ დამაჯერებელია. თავად სააკაშვილი ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს. სააკაშვილის ცუდი მდგომარეობა და ოპოზიციის ბრალდებები, რომლის თანახმად, მთავრობა დავალებებს კრემლისგან იღებს, ომის ფონზე ჩაიკარგა".

ამასთან, იგი ომის საქართველოსა და მოლდოვაში გავრცელებას არ გამორიცხავს:

"მოლდოვას საქართველოს მსგავსად სურს ევროკავშირში გაწევრიანება და დნესტრისპირეთის სახელით ცნობილი მისი ტერიტორია რუსეთის მიერ არის ოკუპირებული“.

სტატიის ბოლოს მიტჩელის დასძენს, რომ "ნაკლებად სავარაუდოა, ნატო და ევროკავშირი საქართველოს ან მოლდოვის ახლო მომავალში იყოს, მაგრამ ომი უკრაინაში ცვლის საერთაშორისო პოლიტიკასა და გეოპოლიტიკურ რეალობას":

"თუ ომის ესკალაცია არ მოხდა და რუსეთი საქართველოსა და მოლდოვაში არ შეიჭრება, შესაძლოა, მათ დააჩქარონ მათი საგარეო პოლიტიკური მიზნების მიღწევა. თუმცა შესაძლებელია ისიც, რომ ისინი რუსეთთან ომში ჩაბმულნი აღმოჩნდნენ და გაუგებარი იქნება, კონკრეტულად ვინ, ან საერთოდ ვინმე თუ აღმოუჩენს მათ დახმარებას".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S