NATO: "საქართველოში სასამართლო სისტემის რეფორმაზე მუშაობის გაგრძელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია"
17/05/2022 14:39:00 პოლიტიკა
NATO "მთავარი არხის" დირექტორ ნიკა გვარამიას დაკავების ფაქტს ეხმიანება და საქართველოში სასამართლო სისტემის რეფორმირების გაგრძელებაზე ამახვილებს ყურადღებას.
"საქართველოს მთავრობამ მკაფიოდ განაცხადა, რომ NATO-ში ინტეგრაცია კვლავაც ქვეყნის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების მთავარი მიზანია. ჩვენის მხრივ, ვაცხადებთ, რომ ერთგულნი ვართ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების, ასევე შემდგომ სამიტებზე აღებული ვალდებულებების მიმართ NATO-ში გაწევრიანების თაობაზე საქართველოს მისწრაფებების შესახებ. იგივე გაიმეორეს საგარეო საქმეთა მინისტრებმა აპრილში ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე. ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ურყევია და კვლავ ერთგულნი ვართ, გავაძლიეროთ ქვეყნის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა. ამავდროულად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სასამართლო სისტემის რეფორმაზე, მედიის თავისუფლებასა და უსაფრთხოების სექტორის ანგარიშვალდებულებაზე მუშაობის გაგრძელება", – განუცხადეს "აქცენტს" NATO–ში.
ცნობისთვის: 16 მაისს სასამართლომ "მთავარი არხის" დირექტორ ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
საქართველოს პროკურატურის მიერ ნიკა გვარამიასთვის 2019 წლის ზაფხულში წარდგენილი ბრალი ეხება პერიოდს, როცა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი იყო. პროკურატურა მას ბრალად სდებს „წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით მართლზომიერ გამგებლობაში არსებული სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება“.
მოსამართლემ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით - უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. მოსამართლე ჩხიკვაძემ გვარამიასთვის კიდევ ერთი, სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით(მითვისება, ან გაფლანგვა) წაყენებული ბრალი დააკვალიფიცირა 220-ე მუხლით და ამ ნაწილში სასჯელად განუსაზღვრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 000 ლარის ჯარიმის გადახდა.


