პრემიერი:"გეოპოლიტიკური რყევების დროს შევსებული კითხვარის წარდგენა კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ერის ევროპულ არჩევანს"
17/05/2022 15:09:59 პოლიტიკა
ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესის განხილვის შესაძლებლობა მქონდა ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
პრემიერი აღნიშნავს, რომ ბოლოდროინდელი გეოპოლიტიკური რყევების დროს შევსებული კითხვარის წარდგენა კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ერის ევროპულ არჩევანს.
"ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესის განხილვის შესაძლებლობა მქონდა ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან. ბოლოდროინდელი გეოპოლიტიკური რყევების დროს შევსებული კითხვარის წარდგენა კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ერის ევროპულ არჩევანს. მადლობელი ვარ ამ გზაზე ევროპარლამენტის მხრიდან საქართველოს უწყვეტი მხარდაჭერისთვის," - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში 16 მაისს გაემგზავრა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრეს–სამსახურის ცნობით, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ევროპულ საბჭოში, ევროკომისიასა და ევროპარლამენტში, ასევე ნატო-ში. შეხვედრების ძირითადი განსახილველი საკითხები იქნება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგი, ევროკომისიის კითხვართან დაკავშირებული საკითხები, ასევე რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება.
ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გაემგზავრა საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, რომელიც შეხვედრებს გამართავს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან.


