8 ევროპარლამენტარი – გვარამიაზე: "ეს გადაწყვეტილება სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს"
17/05/2022 16:34:46 პოლიტიკა
ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მომუშავე 8 დეპუტატი "მთავარი არხის" გენდირექტორის ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს ერთობლივი განცხადებით ეხმიანება.
„მთავარი არხის“ დირექტორის ნიკა გვარამიასა და მასთან დაკავშირებული პირების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დამაჯერებელი მტკიცებულებების გარეშე, წარმოადგენს საქართველოში კანონის უზენაესობის გაუარესების გაგრძელებას. ეს გადაწყვეტილება სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს, რომელიც მოითხოვს დემოკრატიული ღირებულებების, მათ შორის მედიის თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის ერთგულებას.
სამწუხაროდ, სასამართლოს საეჭვო გადაწყვეტილება ეხმიანება კრიტიკული მედიის წარმომადგენლების მიმართ დევნის, დაშინებისა და მათზე ფიზიკური თავდასხმის ფართოდ გავრცელებულ ძირითად ხაზს. ბევრმა ჩვენგანმა ერთხელ უკვე ხმა აიმაღლა ბატონ გვარამიაზე არაეთიკური თავდასხმის წინააღმდეგ, როდესაც საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსანმა პარლამენტის ტრიბუნიდან ბ-ნი გვარამიას პირადი მონაცემები გაასაჯაროვა. მაშინ ჩვენს დასაბუთებულ შეშფოთებას მმართველი პარტიის წარმომადგენლები საპირისპირო შეკითხვებით პასუხობდნენ.
საქართველოს სასამართლოს დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება არის დიდი ხნით გაჭიანურებული სასამართლო რეფორმის შედეგი. ვალდებულება, რომელიც საქართველოს მთავრობამ 19 აპრილის შეთანხმებით აიღო, მაგრამ არასოდეს შეუსრულებია. შერჩევითი სამართალი და დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომი გაუარესება გამოუსწორებელ ზიანს აყენებს საქართველოს რეპუტაციას და საფრთხეს უქმნის მის ევროპულ არჩევანს გახდეს კანდიდატი და საბოლოოდ ევროკავშირის წევრი. ეს სრულიად ეწინააღმდეგება იმას, რაც საქართველოს ხალხს სურს და იმსახურებს“, – აცხადებენ ევროპარლამენტარები.განცხადებას ხელს აწერენ:
- პეტრას აუსტრევიჩიუსი (განახლებული ევროპა, ლიეტუვა),
- ანდრიუს კუბილიუსი (ევროპის სახალხო პარტი),
- მარკეტა გრეგოროვა (მწვანეები/ევროპული თავისუფალი ალიანსი, ჩეხეთის რესპუბლიკა),
- ვიოლა ფონ კრამონი (მწვანეები/ევროპული თავისუფალი ალიანსი, გერმანია)
- მიხაელ გალერი (ევროპის სახალხო პარტია, გერმანია)
- ანა ფოტიგა (ევროპელი კონსერვატორები და რეფორმატორები)
- რაფაელ გლუკსმანი (სოციალ-დემოკრატები)
- სვენ მიკსერი (სოციალ-დემოკრატები)
ცნობისთვის: 16 მაისს სასამართლომ "მთავარი არხის" დირექტორ ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
საქართველოს პროკურატურის მიერ ნიკა გვარამიასთვის 2019 წლის ზაფხულში წარდგენილი ბრალი ეხება პერიოდს, როცა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი იყო. პროკურატურა მას ბრალად სდებს „წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით მართლზომიერ გამგებლობაში არსებული სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება“.
მოსამართლემ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით - უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. მოსამართლე ჩხიკვაძემ გვარამიასთვის კიდევ ერთი, სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით(მითვისება, ან გაფლანგვა) წაყენებული ბრალი დააკვალიფიცირა 220-ე მუხლით და ამ ნაწილში სასჯელად განუსაზღვრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 000 ლარის ჯარიმის გადახდა.


