"საქართველოში თუ სხვაგან, დამოუკიდებელი მედიის გვერდით მტკიცედ დგომას გავაგრძელებთ"
18/05/2022 05:49:17 პოლიტიკა
"საქართველოში თუ სხვაგან, დამოუკიდებელი მედიის გვერდით მტკიცედ დგომას გავაგრძელებთ" - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, შეერთებული შტატები გააგრძელებს ქართველ ხალხთან პარტნიორობას დემოკრატიულ, წარმატებულ, მშვიდობიან და ევროატლანტიკურ მომავალზე ორიენტირებულ მისწრაფებებში.
"ჩვენ საკმაოდ მკაფიო და გულწრფელები ვართ ჩვენს ქართველ პარტნიორებთან დემოკრატიის იმ საფუძვლების უწყვეტი გაძლიერების საჭიროებებზე საუბრისას, რისი ნახვაც გვინდა საქართველოში. ეს მოიცავს დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და კანონის უზენაესობას. ჩვენ გავაგრძელებთ ქართველ ხალხთან პარტნიორობას მის მისწრაფებებში დემოკრატიული, წარმატებული, მშვიდობიანი და ევროატლანტიკური მომავლისკენ. რაც შეეხება მედიის თავისუფლებას, ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ თავისუფალი, დამოუკიდებელი მედიის აუცილებლობაზე მთელ მსოფლიოში, გასულ წლებში უამრავი ჟურნალისტი გახდა დაშინებისა და ჩაგვრის მსხვერპლი. მათი მუშაობა ჩაახშეს და უამრავი მათგანი ტრაგიკულად იქნა მოკლული. ჩვენ გავაგრძელებთ მტკიცედ დგომას დამოუკიდებელი მედიის გვერდით, იქნება ეს საქართველოში თუ სხვაგან", – განაცხადა პრაისმა.
როგორც მან აღნიშნა, აშშ–ის ამოცანის ნაწილია, გააგრძელოს პარტნიორობა საქართველოსთან და გააძლიეროს ქვეყნის მხარდაჭერა:
„ჩვენ საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად განვიხილავთ და როგორც სტრატეგიული პარტნიორი, აშშ-ს კარგი შესაძლებლობები აქვს, წაახალისოს საქართველო რეფორმების გზაზე. რა თქმა უნდა, საქართველოს მისწრაფებები ერთ ღამეში ვერ ახდება. მათ რეალიზებას შესაძლოა, წლები დასჭირდეს. ამას მძიმე შრომა სჭირდება. ამას მოთმინება სჭირდება. განხორციელებას მნიშვნელოვანი რესურსები სჭირდება. ჩვენი ამოცანის ნაწილია, გავაგრძელოთ საქართველოსთან პარტნიორობა და ამ გზაზე საქართველოს მხარდაჭერა რესურსებით, პირდაპირი მხარდაჭერით ბევრ შემთხვევაში და ეს ის სფეროებია, სადაც ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენს ქართველ პარტნიორებთან“.


