სახდეპის მრჩეველი:"გვჯერა, საქართველო იქნება უფრო მედეგი რუსული აგრესიის წინააღმდეგ, თუ განახორციელებს რეფორმებს"

18-05-2022 14:21:52 თვალსაზრისი

„აქცენტი” გთავაზობთ სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩევლის, დერეკ შოლეს მოსაზრებას. დერეკ შოლე საქართველოს დღეს ეწვევა. 20 მაისს კი ლონდონში გაემგზავრება.

-------

2009 წლის ივლისში, იმ დროს ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ რ. ბაიდენმა, საქართველოს პარლამენტის წინაშე გამოსვლისას განაცხადა: – „ჩვენ ვიცავთ პრინციპს, რომლის მიხედვით სუვერენულ დემოკრატიებს აქვთ უფლება თავად მიიღონ გადაწყვეტილებები და თავადვე აირჩიონ პარტნიორები და ალიანსები.”

უკრაინის წინააღმდეგ კრემლის სასტიკი და არაპროვოცირებული ომის ფონზე ამჟამად უკვე პრეზიდენტ ბაიდენის სიტყვები საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედად რჩება. ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიოს ქვეყნების გვერდით დგას, იმისთვის რომ მხარი დაუჭიროს უკრაინას და პასუხი აგებინოს რუსეთს ულმობელი აგრესიისთვის. ეს განსაკუთრებით საგულისხმოა საქართველოსთვის.

საქართველოს განსაკუთრებით კარგად ესმის, რა საფრთხეს წარმოადგენს პუტინი საერთაშორისო წესრიგისთვის. ამერიკის შეერთებული შტატები რჩება მტკიცედ ერთგული საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის განგრძობად ოკუპციას. მარტივად რომ ვთქვათ, რუსულმა ჯარებმა უნდა დატოვონ საქართველო.

ჩვენ ვიზიარებთ ქართველის ხალხის ბრაზსა და მწუხარებას ასი ათასობით მშობლიურ ფესვებს მოწყვეტილი ადამიანის, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვითა და პატიმრობით გამოწვეული სიკვდილისა და საქართველოს წინააღმდეგ მიმართული რუსეთის განგრძობადი ჰიბრიდული აგრესიის სხვადასხვა ფორმების გამო, დეზინფორმაციის ჩათვლით.

ამ უსამართლობის საპასუხოდ შეერთებულმა შტატებმა კონკრეტული ზომები მიიღო. 1992 წლიდან თითქმის 6 მილიარდი დოლარის დახმარება გავუწიეთ საქართველოს მშვიდობისა და უსაფრთხოების, ეკონომიკური ზრდის, დემოკრატიული განვითარების, განათლებისა და სხვათა მხარდასაჭერად. ჩვენი დახმარებით 20 ათასზე მეტმა ქართველმა ჯარისკაცმა გაიარა წვრთნები, 6 ათასზე მეტი საქართველოს მოქალაქე გავაგზავნეთ შეერთებულ შტატებში კულტურისა და საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამებით, აღვადგინეთ 100 სკოლა, დავეხმარეთ საქართველოს ახალი საექსპორტო ბაზრების მოძიებასა და ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციაში, კანონის უზენაესობის, დემოკრატიული მმართველობის მხარდაჭერისა და სხვა მრავალ ინიციატივასთან ერთად.

რუსეთმა უნდა შეწყვიტოს ოკუპაცია და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის პირობები. რადგან, პუტინი აგრძელებს არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ ომს უკრაინის წინაარმდეგ, ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან და სხვა პარტნიორებთან ერთად მხარდამხარ შრომას უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად და კრემლის დასასჯელად მისი სისხლისმღვრელი ქმედებების გამო . ჩვენ ვაფასებთ ქართველი ხალხის მკაფიო მხარდაჭერას მეზობელი უკრაინის მიმართ და ასევე -ჰუმანიტარულ დახმარებას. თუმცა, თითოეულ ჩვენგანს კიდევ უფრო მეტი შეგვიძლია და უნდა გავაკეთოთ.

ქართველმა ხალხმა წლების განმავლობაში დაამტკიცა, რომ აქვს გამძლეობა და სიმტკიცე ისეთი გამოწვევების გადასალახად, რომლის წინაშეც დღეს ვდგავართ. საქართველომ წარმოაჩინა უნარი აიღოს ხელმძღვანელი როლი გლობალური უსაფრთხოების მხარდასაჭერად, მათ შორის აშშ-სა და ნატოს ჯარებთან მხარდამხარ მსახურებით, როგორც ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიის, ყველაზე დიდმა არაწევრმა კონტრიბუტორმა ქვეყანამ.

თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა გასულ წელს საქართველოში ვიზიტის დროს მკაფიოდ განაცხადა, რომ ჩვენ ვაფასებთ ქართველი ხალხის ერთგულებასა და მსხვერპლს. შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს ნატოს მისწრაფებების და ნატოსთან ურთიერთთავსებადობის გაძლიერების ძალისხმევის მტკიცე მხარდაჭერას.

მსგავსად ქართველი ჯარისკაცებისა, რომლებმაც ლიდერობა, მამაცობა და თავგანწირვა გამოიჩინეს საერთო კეთილდღეობისთვის, ჩვენ ასევე ვნახეთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების უშიშარი და ენერგიული ძალისხმევა დემოკრატიული, მშვიდობიანი, აყვავებული ევრო-ატლანტიკური მომავლისთვის საჭირო ნაბიჯების გადასადგმელად. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო იქნება უფრო მედეგი რუსული აგრესიის წინააღმდეგ, თუ განახორციელებს რეფორმებს, რომელიც საჭიროა ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის გასაძლიერებლად და ამას გააკეთებს ინკლუზიურად.

მე იმედს მაძლევს საქართველოს მთავრობის პირობა, რომ გაატარებს მნიშვნელოვან საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს, მათ შორის, რაც აღინიშნა 2021 წლის დეკემბერში დემოკრატიის სამიტზე. ეს უნდა შესრულდეს, თუ საქართველოს სურს თავისი სრული პოტენციალის მიღწევა. ჩემი ქვეყნის ხანგრძლივი ისტორიიდან გამომდინარე ვიცი, რომ უფრო სრულყოფილი გაერთიანების ჩამოყალიბებას დიდი შრომა, მოთმინება და მნიშვნელოვანი რესურსები სჭირდება. მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატები იდგება ქართველ ხალხის გვერდით მთელი ამ გზის მანძილზე, ისევე როგორც გასული ათწლეულების განმავლობაში.

ჩვენი 30 წლიანი პარტნიორობის მანძილზე შეერთებულმა შტატებმა აჩვენა ჩვენი მტკიცე ერთგულება ქართველი ხალხის მიმართ. თუმცა, გამოწვევები რჩება, სწორედ ამიტომ არის ბაიდენის ადმინისტრაცია მოწოდებული გააგრძელოს თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხთან.

მაშინ როდესაც ჩვენი პარტნიორობა უკვე მეოთხე ათწლეულის ათვლას იწყებს, მე მჯერა, რომ ქართველი და ამერიკელი ხალხი გააგრძელებს მეგობრობის გაღრმავებას. როგორც მდივანმა ბლინკენმა ახლახან აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას დემოკრატიული, მშვიდობიანი და წარმატებული ევრო-ატლანტიკური მომავლის მისაღწევად.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები