ნათელაშვილი ოპოზიციურ პარტიებს ხელისუფლების წინააღმდეგ გაერთიანებას გარკვეული პირობებით სთავაზობს

18-05-2022 15:10:33 პოლიტიკა

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი ოპოზიციურ პარტიებს სთავაზობს ხელისუფლების წინააღმდეგ გაერთიანდნენ, თუმცა გარკვეული პირობებით.

მისი თქმით, წარსულში ოპოზიციის გაერთიანებამ მნიშვნელოვანი ძვრები მოახდინა და არსებული რეჟიმი დაასუსტა. თუმცა, მისი აზრით, 19 აპრილის ხელშეკრულებაზე ნაწილის ხელმოწერამ და პარლამენტში შესვლამ ოპოზიციური ერთობა დაშალა და დასახული მიზანი - ხელისუფლების შეცვლა ჩაშალა:

„ქვეყნიერებამ იცის, რომ ოპოზიციურმა გაერთიანებამ აქ, "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ისტორიული ძვრები მოახდინა არსებული რეჟიმის ფეხქვეშ და ის დამთავრდებოდა აუცილებლად სრული გამარჯვებით, რომ არა ოპოზიციურ პარტიათა პარლამენტში შესვლა. ახლა "ოცნება" კიდევ უფრო გაძლიერდა და კვლავ გადავიდა შეტევაზე".

მისი თქმით, საზოგადოებაში არსებობს ოპოზიციის გაერთიანების მოთხოვნა, რისთვისაც მისი პარტია მზადაა, თუმცა 3 პირობა აქვს:

  • ყველა ოპოზიციონერმა დაწეროს განცხადება და შეიწყვიტოს პარლამენტის წევრობა.
  • ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ხელი მოაწეროს მიმართვას ბიძინა ივანიშვილისა და მისი ქონების დასანქცირებაზე.
  • შეიქმნას პარლამენტის გარეთ საკონსულტაციო პარლამენტი ამ პარტიებისა და დეპუტატებისგან, რომლებიც მოამზადებენ გარდაუვალ ახალ არჩევნებს და საარჩევნო კანონმდებლობის ძირითად პარამეტრებს.

„დღეს მთავარია, ჩვენი ქვეყანა და მისი მომავალი, მთავარია ამ საშინელი უბედურებიდან ჩვენი სახელმწიფოს ამოყვანა, ჩვენი ხალხის გადარჩენა. დღეს უკვე არ დგას საკითხი პარტიულ დაპირისპირებაზე. დღეს საკითხი დგას ასე: საქართველო უნდა გადარჩეს და მას აუცილებლად გადავარჩენთ და იმედია, ჩემი კოლეგები ამ განცხადებას სერიოზულად განიხილავენ და შეაფასებენ“, -განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები