"პუტინის ძალოვანების ელიტა აცნობიერებს, რომ ომი წაგებულია"

18-05-2022 15:35:21 ანალიზი

უკრაინა და მისი მოკავშირეები პუტინის რეჟიმთან ხანგრძლივი ბრძოლისთვის სრულ მზადყოფნას დემონსტრირებენ. თებერვლის ბოლოს დაწყებული ომის სამი თვის თავზე უკვე თავისუფლად შეიძლება, ითქვას, რომ სსრკ-ის აღდგენისა და “რუსული მიწების შემგროვებლის” ტიტულის მოხვეჭის იმპერიალისტური ამბიციებით შეპყრობილ პუტინს ამ გეგმის რეალიზების პირველივე პუნქტში – უკრაინაში, რბილად რომ ვთქვათ, სერიოზული პრობლემები შეექმნა, მათ კვალდაკვალ კი მხოლოდ მზარდი პრობლემები ელის შინაც. ამ ფონზე კრემლის მიერ უკრაინის “სპეცოპერაციასთან” დაკავშირებით დეკლარირებული მიზნები გზადაგზა ხარისხობრივად მცირდება. საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფ “Bellingcat”-ის ხელმძღვანელ ხრისტო გროზევის მონაცემებით, პუტინის ძალოვანი ელიტა უკვე აცნობიერებს, რომ ომი წაგებულია.

ბევრის აზრით, პუტინმა ომი პრეზიდენტის სავარძელში ახლა უკვე იმპერატორად დარჩენის მიზნით წამოიწყო. სხვა ვერსიით, ეს ერთგვარი პირადი შურისძიებაა ადამიანისა, რომელსაც, როგორც თავად თვლის, დასავლეთი “მუდმივად ამცირებდა”. გროზევის შეფასებით, თითოეულ ამ ჰიპოთეზას აქვს არსებობის უფლება, თუ გავითვალისწინებთ ხელისუფლებაში 20-ზე მეტწლიანი ყოფნის განმავლობაში პუტინის აზროვნების დეფორმაციის ფაქტორსა და მის ძალოვან ბექგრაუნდს. თუმცა არის კიდევ ერთი ასპექტი.

“პუტინის ძალოვან გარემოცვაში არსებული ჩვენი წყაროები ომის წამოწყების კიდევ ერთ მიზეზს პრეზიდენტის შიშში ხედავენ: პუტინს უკიდურესად აშფოთებს სოციალური დაძაბულობა; მოსახლეობის ახალგაზრდა ნაწილის მოთხოვნები საფრთხეს უქმნის მის რეჟიმს, მის სისტემას, მას კი სურს და დარწმუნებულიც იყო, რომ თავადაც და ეს სისტემაც მისი სიცოცხლის ბოლომდე შენარჩუნდებოდა. ამის გამო პუტინს მუდმივად სჭირდებოდა საბაბი, მოსახლეობა დაედუმებინა. ომამდე ცოტა ხნით ადრე, კერძოდ გასული წლის დეკემბერში ეს წყაროები გვაფრთხილებდნენ, რომ ამ მიზეზით იგეგმებოდა ომი. თუმცა ვხედავთ, რომ პუტინის გადაწყვეტილება კონტრპროდუქტიული გამოდგა და მხოლოდ აახლოებს რეჟიმის დასასრულს” – ამბობს გროზევი.

მისივე მონაცემებით, უკვე სახეზეა კონფლიქტი პუტინსა და გავლენიან ძალოვანებს შორის, რომელთაც არა მარტო საკუთარი, არამედ შთამომავლობის ბედი “აერიათ”:

“გახსოვთ “ნათლიმამის” სიუჟეტი? დონ კორლეონეს სურდა, მისი ვაჟი – მაიკლი სხვა გზით წასულიყო, მაფიის ჩრდილიდან გასულიყო და გამხდარიყო სენატორი კორლეონე, თუმცა არაფერი გამოვიდა. ამის მსგავსად, “გამჭვირვალე” მომავალი სურდათ თავისი შვილებისთვის პუტინის “ჩეკისტებსაც”, მაგრამ ამ ომით მან მათ შვილებს დიდი პოლიტიკისკენ გზა სამუდამოდ ჩაუჩეხა: ახლა ხომ მათ მამებს სამხედრო დამნაშავეებად მოიხსენიებენ და შვილებს ძალიან გაუჭირდებათ მამების ცოდვების ჩამორეცხვა. ეს ერთ-ერთი მთავარი მიზეზია პუტინსა და გავლენიან ძალოვანებს შორის კონფლიქტისა, რომელიც უკვე სახეზეა”.

გროზევის ინფორმაციით, სადღეისოდ ყველაზე მაღალი საპროტესტო პოტენცილი ძალოვანების ყველაზე უკეთ ინფორმირებულ ნაწილშია:

“ვსაუბრობ ადამიანებზე, რომელთაც შეგვიძლია, ვუწოდოთ "ГРУ-ს ინტელექტუალური ნაწილი", ანუ ისინი, ვისაც რეალურად გააჩნიათ სრული ინფორმაცია, ასევე ФСБ-ს ელიტაზე, რომელიც ფლობს მთელს ინფორმაციას ომში რუსეთის რეალური დანაკარგებისა და იმის შესახებ, რომ დაღუპულთა და დაკარგულთა ახლობლები სულ უფრო თამამად სვამენ კითხვებს. მათ მშვენივრად იციან, რომ გარკვეულ მომენტში ეს ვითარება კონტროლიდან გავა, აცნობიერებენ რეჟიმის წინაშე არსებულ რეალურ საფრთხეებს და ახლა საკუთარი მომავლის გადარჩენაზე ზრუნავენ. მათი ნაწილი სადღეისოდ ოჯახების უცხოეთში გაყვანასა და დაგროვებული კაპიტალის – უმთავრესად კორუფციული ფულის დოლარსა და ევროში გადაცვლას ცდილობს. ჯერ – ფარულად, მაგრამ ისინი აღარ ემორჩილებიან კრემლის იდეოლოგიურ ბრძანებებს და ალტერნატიული რეალობისთვის ემზადებიან”.

ამავდროულად, ანალიტიკოსის ინფორმაციით, ძალას იკრებს პუტინით უკმაყოფილება სხვა ტიპის ელიტებშიც:

“ის პერსონები, რომელთაც ხშირად ფულს ანდობდნენ “საიმედოდ შესანახად”, არასოდეს ყოფილან საკუთარი ქმედებების სუვერენები. მათთან გარიგება დაახლოებით ასეთი იყო: თქვენ შეგიძლიათ, იფრინოთ მონაკოში, დაასპონსოროთ და მართოთ სხვადასხვა გასართობი, პერიოდულად კი “საქველმოქმედო” ღონისძიებებიც, წარმოაჩინოთ თავი “მშვიდობის მტრედებად”, ასპონსოროთ პოლიტიკური პარტიებიც კი, მაგრამ არსებობს წითელი ხაზები – ფული, რომელიც მუდმივად უნდა შეინარჩუნოთ “ობშიაკში”. ახლა ეს ყველაფერი დაირღვა: პუტინი ამ ადამიანებს პრაქტიკულად ვეღარაფერს მისცემს მათი ლოიალურობის შესანარჩუნებლად; არ არსებობს რესურსები მათთვის გადასანაწილებლად. შესაბამისად, მათ ამ ომით ფასეული ვერაფერი მოიგეს და ვეღარც მოიგებენ, მხოლოდ დაკარგეს. ამდენად, ანალიტიკურად აქ შეიძლება, ველოდოთ სულ უფრო დიდ კრიზისს კრემლსა და ელიტას შორის ურთიერთობებში”.

გროზევის ინფორმაციით, ჰაკერები “Bellingcat”-ს დიდი მოცულობით კორესპონდენციას უზიარებენ, რომელშიც მსგავსი უკმაყოფილების, ომისადმი სარკასტული დამოკიდებულების გამოხატულებებს ვხვდებით. “რუსეთისთვის არავითარ პოზიტივს აღარავინ ელის, რიგ შემთხვევებში კი ვხვდებით ხისტ რიტორიკასაც ომის დაწყების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით” – ამბობს საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელი.

თუმცა იმის პროგნოზირება, გადაიზრდება თუ არა ეს კონფლიქტი ბუნტში, მინი-რევოლუციაში, გროზევს სადღეისოდ უჭირს: “კითხვა ახლა არა იმაში მდგომარეობს, არსებობს თუ არა კონფლიქტი – ეს უკვე ცხადია, არამედ იმაში, რეალიზდება თუ არა იგი კრემლის წინააღმეგ ელიტის კონკრეტულ ქმედებებში და რამდენად მალე უნდა ველოდოთ ამას”.

არაერთი ანალიტიკოსის აზრით, უკმაყოფილება უსათუოდ კიდევ უფრო გაიზრდება, თუკი “აკელა” დეკლარირებულ მიზანს საბოლოოდ ააცილებს - მაგალითად, თუ რუსეთი ვერას გახდება ლუჰანსკშიც და ფრონტის ხაზი რუსეთის საზღვრებთან გადაინაცვლებს. თავის დროზე ჰიტლერის ლიკვიდაციის იდეაც ხომ სწორედ მაშინ გაჩნდა, როცა ცხადი გახდა, რომ ომი წაგებული იყო და საჭირო იყო გერმანიის გადარჩენა სრული კრახისაგან. ბევრი უკვე სვამს კითხვას, რამდენად მაღალია პუტინისთვის რისკი, ფიურერის ბედი გაიზიაროს?

“ვფიქრობ, რუსი ძალოვანების ინფორმირებული ელიტა უკვე აცნობიერებს, რომ ომი წაგებულია. ეს ომი ხომ დოქტრინალურად ისე გაფორმდა, რომ ერთ კვირაში უნდა დასრულებულიყო. ის, რაც ახლა ხდება, რაღაც “მორე ომია” და არც მისი მოგების შანსებია გარანტირებული – ვხედავთ რუსეთისთვის არასახარბიელო უამრავ პროგნოზს ინფორმირებული ადამიანების მხრიდან. “ვაგნერელებისა” და სხვა დაქირავებული მებრძოლების ტელეგრამ-არხებში მრავლად ვაწყდებით კრიტიკას სტრატეგიის არარსებობის, გენშტაბისა და გენერლების ტაქტიკური უუნარობის გამო. ძალოვანების ელიტა აცნობიერებს, რომ ამ ომის მოგება შეუძლებელია მობილიზაციისა და იმ სოციალური აფეთქების გარეშე, რომელიც, მაღალი ალბათობით, ამ მობილიზაციას მოჰყვება” – ამბობს გროზევი.

ამასთან, მისი აზრით, ბუნტი შესაძლებელია ძალოვანების იმ ნაწილშიც, რომელიც “უფრო ხისტი მოქმედებების” მომხრეა, ქიმიური და თუნდაც ბირთვული იარაღის გამოყენების ჩათვლით. ამ კონტექსტში გროზევი იმასაც აღნიშნავს, რომ რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე სადღეისოდ შემცირებულია:

“რა თქმა უნდა, თეორიულად, არსებობს ვარიანტი, პუტინმა ხისტი გადაწყვეტილებების მომხრეთა ზეწოლით ბირთვული იარაღის გამოყენების ბრძანება გასცეს. მაგრამ ამისათვის იგი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ პასუხისმგებელ პირთა შესაბამის “ჯაჭვში” მყოფი ყველა დანარჩენი ჩინოსანი შეასრულებს მის ბრძანებას, რადგან წინააღდეგ შემთხვევაში ეს დაუმორჩილებლობისა და საბოლოო ჯამში, პუტინის ლიკვიდაციის სიგნალად შეიძლება, იქნას აღქმული. ამდენად, სანამ პუტინი არ დარწმუნდება, რომ მის ამ ბრძანებას ყველა შეასრულებს, ის მას ვერ გასცემს. ხსენებული “ჯაჭვის” რგოლებს კი მსგავსი ბრძანების შესრულებით ასეთი პასუხისმგებლობის აღება არ უღირთ, რადგან არ აქვთ გარანტია, რომ პუტინი, ვთქვათ, სამ თვეში ჯერ კიდევ თანამდებობაზე იქნება და როგორც საკუთარ, ისე მათ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს”.

დღეს რუსეთშიც და მის ფარგლებს გარეთაც ბევრს საუბრობენ პუტინის ჯანმრთელობაზე და მის შესაძლო ონკოოპერაციაზე. გროზევის აზრით, თავად ის ფაქტი, რომ პუტინის ძალოვან გარემოცვაში ამაზე მსჯელობენ, მნიშვნელოვანი ფაქტორია.

“ამ თემაზე სპეკულირება არ მსურს, მედიკოსი არ გახლავართ. ბევრი სხვადასხვა სპეციალისტის განსხვავებული მოსაზრებები მსმენია. მათი ნაწილი თვლის, რომ პუტინის მდგომარეობა შეუთავსებელია ქიმიოთერაპიასთან. სხვანი ამბობენ, რომ არსებობს ქიმიოთერაპიის ისეთი სახეობები, რომელიც თმის ცვენას არ იწვევს. თუმცა შემიძლია, დავადასტურო, რომ ძალოვანები აქტიურად საუბრობენ პუტინის ავადმყოფობის შესახებ და თავად ეს ფაქტორია ანგარიშგასაწევი: განურჩევლად იმისა, ავადაა პუტინი თუ არა და რამდენად, ის ფაქტი, რომ ძალოვანები ასე თვლიან და ამაზე საუბრობენ, მნიშვნელოვანია” – დასძენს ანალიტიკოსი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები