წულუკიანი – გვარამიაზე: "ყველანაირი თავში ცემა, რომ ეს რა კარგი ბიჭი დავკარგეთ, არის უსაგნო"

18-05-2022 17:19:59 პოლიტიკა

საქართველოს იუსტიციის ექს–მინისტრი თეა წულუკიანი "მთავარი არხის" დირექტორის ნიკა გვარამიას დაკავების ფაქტს ეხმიენება და აცხადებს, რომ "ყველანაირი თავში ცემა, რომ ეს რა კარგი ბიჭი დავკარგეთ, არის უსაგნო".

როგორც წულუკიანი ამბობს, როდესაც სტრასბურგის სასამართლოში დავას აწარმოებდა საქართველო, იგი ხედავდა, რომ გვარამიას მიზანი „რუსთავი 2-ის“ გაკოტრება იყო.

"როდესაც სტრასბურგის სასამართლოში დავას ვაწარმოებდი, მე თვითონ ფაქტებით ვხედავდი, რომ მისი მთავარი მიზანი იყო სისწრაფე და საუკეთესო შემთხვევაში "რუსთავი 2"-ის გაკოტრება, რომ აზრი აღარ ჰქონოდა ამ კომპანიის კანონიერი მესაკუთრისთვის დაბრუნებას. მან ეს ბოლომდე ვერ შეძლო, მაგრამ შეძლო ის, რომ 7 მილიონ ლარამდე ქონებრივი უფლებები გაფლანგა მის მიერვე დაფუძნებული კომპანიის და მისივე პირადი ინტერესების სასარგებლოდ. თუ ეს არ არის დანაშაული, მაშინ არ ვიცი, რა არის დანაშაული. ამიტომ, ყველანაირი თავში ცემა, რომ ეს რა კარგი ბიჭი დავკარგეთ, არის უსაგნო, უსაფუძვლო სამართლებრივად. მე "რუსთავი 2"-ს ვუსურვებ ამ თანხების როგორღაც დაბრუნებას, სამართლებრივი ბერკეტები არის ამის, რაც არ უნდა გვეჩვენებოდეს, რომ ეს დავა შეიძლება ცოტა გართულებული იყოს, რადგან დრო არის გასული", – განაცხადა წულუკიანმა.

16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ "მთავარი არხის" დირექტორ ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები