Accentnews.ge
სტოლტენბერგი – ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ: "ნატო სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს"

სტოლტენბერგი – ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ: "ნატო სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს"

18/05/2022 14:03:41 პოლიტიკა

ნატო–ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ამის შესახებ მან საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"გავმართე შეხვედრა საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, ნატო–ს ახლო პარტნიორთან. ჩვენ განვიხილეთ რუსეთის უკანონო ომი უკრაინაში. ნატო სრულად უჭერს მხარს ყველა ერის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და საკუთარი გზის არჩევის უფლებას, მათ შორის საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს", – აცხადებს სტოლტენბერგი.

თავის მხრივ, შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ქართულმა მხარემაც გაავრცელა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრეს–სამსახურის ცნობით, "მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში ალიანსთან საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობას, რომლის შედეგადაც საქართველო ეფექტიანად იყენებს გაწევრიანების გზაზე არსებულ ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს".

"შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისადმი როგორც ალიანსის, ასევე პარტნიორი ქვეყნების მტკიცე მხარდაჭერას და მათთან მჭიდრო თანამშრომლობას. დადებითი შეფასება მიეცა ალიანსში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებს.

გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს, როგორც ალიანსის მტკიცე და სანდო პარტნიორის როლი და მისი მნიშვნელოვანი კონტრიბუცია როგორც გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში, ასევე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

შეხვედრაზე მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოს პროგრესი და მისი მისწრაფება სათანადოდ იქნება ასახული ალიანსის შემდგომ გადაწყვეტილებებში როგორც ქვეყნის მისწრაფებების პოლიტიკური მხარდაჭერის, ასევე პრაქტიკული შესაძლებლობების გაძლიერების თვალსაზრისით.

მხარეებმა ასევე მიმოიხილეს ნატო-ს მადრიდის სამიტის მოსამზადებელი საკითხები და მოლოდინები.

საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და უკრაინის ომს, რაზეც პრემიერ-მინისტრმა ქართველი ხალხის სოლიდარობა კიდევ ერთხელ დააფიქსირა უკრაინელი ხალხის მიმართ.

ალიანსის გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

საქართველოს პრემიერმა გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა პირადი ძალისხმევისთვის და ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს წინსვლაში არსებითი როლის შესრულებისთვის",– ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრეს–სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S