ბორელი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ: "საკონსტიტუციო რეფორმების განხორციელება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საქართველოს განაცხადის გათვალისწინებით"
18/05/2022 17:29:13 პოლიტიკა
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში დღეს გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
"შეხვედრისას ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა საქართველოს მდგრადობის გაძლიერებისადმი ევროკავშირის მხარდაჭერა, უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ინტერვენციის კონტექსტში. მან ასევე კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში. ბორელმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის გადაწყვეტილებას, კიდევ უფრო გააღრმავოს ურთიერთობები საქართველოსთან, რათა ქვეყანა უფრო მეტად დაუახლოვდეს ევროკავშირს. ამ კონტექსტში, მან ხაზი გაუსვა პარტიათაშორისი თანამშრომლობისა და შიდა პოლიტიკურ ძალებს შორის ერთიანობის მნიშვნელობას, რაც არის საკვანძო საქართველოში დემოკრატიის გასაძლიერებლად მნიშვნელოვან რეფორმებში სწრაფი პროგრესის მისაღწევად. ევროკავშირი მზად არის, საქართველოს გვერდით იყოს შიდა პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევისა და სასამართლო რეფორმის ინკლუზიური და სანდო დღის წესრიგისკენ მიმართულ ძალისხმევებში და ამ მხრივ, შეთანხმებული საკონსტიტუციო რეფორმების განხორციელებაში. ეს კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია ევროკავშირის წევრობის შესახებ საქართველოს განაცხადის გათვალისწინებით. საქართველო ევროპულ ოჯახს მიეკუთვნება“, – ნათქვამია განცხადებაში.


