"გვესმის, რაოდენ რთულია საქართველოსთვის რუსეთის წინააღმდეგ მოქმედება, მაგრამ გთხოვთ სანქციების აღსრულებას, რათა მათი ეფექტურობა არ დაიკარგოს"
19/05/2022 05:56:51 პოლიტიკა
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას მათ შორის სანქციებთან, ევროკავშირის წევრობის განაცხადთან და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში დაგეგმილ ე.წ რეფერენდუმთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
"პატივს ვცემთ გაერო-ში [უკრაინის საკითხზე] კენჭისყრისას საქართველოს მხარდაჭერას, გვესმის, რაოდენ რთულია საქართველოსთვის რუსეთის წინააღმდეგ მოქმედება, მაგრამ გთხოვთ სანქციების აღსრულებას, რათა მათი ეფექტურობა არ დაიკარგოს", – განაცხადა ბორელმა.
ევროკავშირში წევრობაზე საქართველოს განაცხადზე საუბრისას, ბორელმა აღნიშნა, რომ ეს შესაძლებლობის ფანჯარაა, თუმცა იქვე რეფორმების განხორციელებაზე გაამახვილა ყურადღება:
„ეს არის შესაძლებლობის ფანჯარა. მომენტი, როდესაც რეფორმების დაჩქარება უნდა მოხდეს, რომ თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი სახის პოლიტიკური პოლარიზაცია, რომ რეფორმების კურსის გაგრძელება მოხდეს, განსაკუთრებით მართლმსაჯულების სისტემაში, რადგან ეს არის ის საკითხები, რომლებიც არის საკვანძო. ევროკავშირი არის პოლიტიკური სისტემა, რომელიც კანონის უზენაესობაზეა დაფუძნებული".
რაც შეეხება ე.წ. რეფერენდუმს, ბორელმა განაცხადა, რომ ის არალეგიტიმურია:
„ჩვენ ვიზიარებთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეშფოთებას დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენ არალეგიტიმურად მივიჩნევთ და არ ვაღიარებთ. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას“.


