რა საკითხები განიხილა აშშ–ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრისას
19/05/2022 06:24:50 პოლიტიკა
ამერიკის სახელმწიფო მდივნის მრჩეველმა დერეკ შოლემ საქართველოში ოფიციალური ვიზიტი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრით დაიწყო.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადენლები აცხადებენ, შეხვედრის მთავარი თემა მართლმსაჯულება და სიტყვის თავისუფლება იყო.
"საუბარი შეეხო "მთავარი არხის" დირექტორის ნიკა გვარამიას დაკავებას. ეს არ არის განყენებული საქმე, ეს პირდაპირ არის დაკავებული მედიაგარემოსთან, ეს პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენს მართლმსაჯულების სისტემასთან, ეს პირდაპირ არის დაკავშირებული იმასთან, თუ როგორ ებრძვის დღეს ხელისუფლება განსხვავებულ აზრს", - განაცხადა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" დირექტორმა ეკა გიგაურმა.
მისი თქმით, აშშ-ის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე დააფიქსირეს, რომ ისინი ძალიან დიდ პატივს სცემენ იმას, რასაც აკეთებს სამოქალაქო სექტორი ქვეყანაში და ასევე იმას, რომ ქართველი ხალხი ყველაფერს აკეთებს, რათა ქვეყანა დასავლეთის ნაწილი გახდეს.
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი აცხადებს, რომ ამერიკულმა მხარემ მართლმსაჯულების სისტემაზე გაამახვილა ყურადღება.
"მათ განსაკუთრებულად შეკითხვები ჰქონდათ მართლმსაჯულების სისტემაზე და როგორ იმართება რეალურად მართლმსაჯულების სისტემა, როგორ არის ის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებული. ჩვენი მხრიდან იყო საუბარი ნიკა გვარამიას საკითხზე", -აცხადებს სიმონიშვილი.
უზენაესი საბჭოს ყოფილი წევრი ნაზი ჯანეზაშვილი აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე "სასამართლოში კლანურ მმართველობასა და მოსამართლეთა დაცვის მექანიზმების არარსებობაზე" ისაუბრა.
ISFED-ის დირექტორმა ნინო დოლიძემ თქვა, რომ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა არჩევნებზე არსებულ ვითარებაზე, ხელისუფლების განცხადებებზე და ქმედებებზე უკრაინაში ომთან დაკავშირებით:
"ჩვენ ვისაუბრეთ ყველა მიმართულებაზე, იქნება ეს მედიაში არსებული გარემო და კრიტიკული მედიის მენეჯერის დაკავება, ვისაუბრეთ არჩევნების დროს რა მდგომარეობაა ქვეყანაში, მართლმსაჯულების მიმართულებით რა გამოწვევებია ქვეყანაში და ასევე ვისაუბრეთ ხელისუფლების ქმედებებსა და განცხადებებზე უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით. ჩვენი ამერიკელი მეგობრები გვეუბნებიან, რომ ისინი საქართველოს გვერდით დგანან, იმიტომ რომ იციან ქართველი ხალხი იმსახურებს რომ იყოს ევროპული ოჯახის წევრი".
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი დერეკ შოლე საქართველოს გუშინ ეწვია.
მას დაგეგმილი აქვს შეხვედრები საქართველოს მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან.


