"ქართველ კოლეგებთან სამხრეთ ოსეთში დაგეგმილი რეფერენდუმის საკითხი განვიხილე"
19/05/2022 09:11:05 პოლიტიკა
რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელის გრიგორი კარასინის განცხადებით, ქართველ კოლეგებთან ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში დაგეგმილი ე.წ. რეფერენდუმის საკითხი განიხილა.
„მოკლედ ვისაუბრეთ, ეს არის ერთ-ერთი თემა, რომელიც აწუხებს ჩვენს ქართველ პარტნიორებს, ჩვენ ამას ყურადღებით ვაკვირდებით“, – აცხადებს, რუსული მედიის ცნობით, კარასინი.
ამასთან, მისი თქმით, "რუსეთი საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენაზე მუშაობს".
“სამწუხაროდ, კოვიდის მოვლენებმა ამ საკითხს ხელი შეუშალა. იმედია, სიტუაცია უკვე გამოსწორდება”, – დასძინა მან.
საქართველომ რუსეთთან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვიტა. კარასინი-აბაშიძის შეხვედრების ფორმატი 2012 წლიდან დაიწყო. რუსეთ-საქართველოს შორის არაფორმალური დილოგის ეს ფორმატი ოფიციალურად სავაჭრო, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ და კულტურულ ასპექტებთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად შეიქმნა, თუმცა შეხვედრებზე პოლიტიკური საკითხებიც განიხილება. ხელისუფლების ოპონენტები აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაუქმებას ითხოვენ. მათ მიაჩნიათ, რომ აღნიშნული შეხვედრები საქართველოსთვის არაფრის მომცემია.


