მაჭარაშვილი: "დერეკ შოლე კი არა, ყველა უნდა შეეგუოს, რომ საქართველო არის სუვერენული ქვეყანა"
19/05/2022 10:37:59 პოლიტიკა
„დერეკ შოლე კი არა, ვინც არ უნდა იყოს, ყველა უნდა შეეგუოს იმას, რომ საქართველო არის სუვერენული ქვეყანა“, – საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველ დერეკ შოლეს ოფიციალურ ვიზიტს ეხმაურება.
დერეკ შოლე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ NGO-ებმა განაცხადეს, რომ მას გვარამიას საქმეზე და მართლმსაჯულების სისტემის პრობლემებზე მიაწოდეს ინფორმაცია.
„ძალიან ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებმა გაიარეს მართლმსაჯულების რეფორმა, მაგრამ არავის აზრად არ მოსვლია ის, რომ ავად თუ კარგად როცა მიმდინარეობდა იმ ქვეყნებში სასამართლო რეფორმა, მართლმსაჯულება ჩაენაცვლებინათ სხვა ქვეყნის წარმომადგენელთა მოსაზრებებით ან იმ ქვეყანაში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების ან სახალხო დამცველის გადაწყვეტილებებით.
შეიძლება რომელიმე მხარეს არ მოსწონდეს მართლმსაჯულების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება, ეს არის ბუნებრივი, მაგრამ ამისთვის არსებობს სხვა ინსტანციები. ყველა უნდა შეეგუოს, რომ საქართველო სუვერენული ქვეყანაა, რაც შეეხება რეფორმებს, ეს გრძელდება და გაგრძელდება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.


