Accentnews.ge
ოპოზიცია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლთან შეხვედრის შემდეგ: "ამერიკულ მხარეს ესმის ყველა გამოწვევა, რაც საქართველოშია"

ოპოზიცია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლთან შეხვედრის შემდეგ: "ამერიკულ მხარეს ესმის ყველა გამოწვევა, რაც საქართველოშია"

19/05/2022 12:03:02 პოლიტიკა

პოლიტიკის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის დერეკ შოლესა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა.

როგორც შეხვედრის შემდეგ პარტია "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, "ამერიკულ მხარეს ესმის ყველა გამოწვევა, რაც საქართველოშია".

მისი თქმით, მხარეებმა ისაუბრეს, მათ შორის მართლმსაჯულების სისტემაზე, სანქციების საკითხზე, "მთავარი არხის" დირექტორის ნიკა გვარამიას დაკავებასა და "ქართული ოცნების" წევრი დეპუტატის მიერ დერეკ შოლესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე.

"ვისაუბრეთ მედიაზე თავდასხმაზე. განვიხილეთ უსაფრთხოების კუთხით არსებული პრობლემები, რაც არის სანქციებთან დაკავშირებული. სხვათა შორის, შეხვედრის დროს აღმოჩნდა, რომ "ქართული ოცნება" შეურაცხყოფას აყენებდა ამ მაღალი დონის სტუმარსაც, ცხადია, ამაზეც გვქონდა საუბარი", - განაცხადა ხოშტარიამ.

მისივე თქმით, ეს დელეგაციაც და ამერიკელებიც ქართველი ხალხის გვერდით არიან.

"გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ დერეკ შოლეს "ქართული ოცნების" დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ჰკითხა, რატომ მართლა არ შეუშლის ხელს ამერიკა მას გადარიცხვებში, ფუფუნების ნივთების შეძენასა თუ სხვა საკითხებშიც.

"აინტერესებდათ რა შეიძლება, ამერიკამ გააკეთოს ქვეყნის დასახმარებლად და ამასთან დაკავშირებით იყო ჩვენი მხრიდან რაღაც პოზიციები დაფიქსირებული, რომ დაეხმაროს საქართველოს. ჩემი პოზიცია იყო, რომ ეს კაცი, ანუ ზემოთ მთაზე რომ ცხოვრობს, მაინც აბრალებს ამერიკას თავისი ექსპერტების თუ ხელის ბიჭების პირით, რომ ამერიკა ხელს უშლის მას შვეიცარიულ ბანკში რაღაც გადარიცხვებში, ვერტმფრენის ყიდვაში, ხელს უშლის ნახატების გამოტანაში, მე ვკითხე რატომ არ იზამთ ამას მართლა, მართლა რატომ არ შეუშლით ხელს?", - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

მისი თქმით, აშშ შეშფოთებულია, თუ რა ხდება საქართველოში მართლმსაჯულებისა და მედიის კუთხით.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ "შეხვედრისას საუბარი შეეხო ნიკა გვარამიას საკითხს, ექს–პრემიერ ბიძინა ივანიშვილისა და სასამართლო სისტემაში არსებული "კლანის" წევრების სანქცირებას, ასევე, უკან გადადგმულ ნაბიჯებს რეფორმების კუთხით".

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ შეხვედრის შემდეგ ძალიან ოპტიმისტურად არის განწყობილი:

„ნიკა გვარამიასთან და მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებითაც სრულყოფილად იყო საუბარი. პოლიტიკური პატიმრობა, რომ სენსაციად აღარ აღიქმება ქვეყანაში, ეს არის უფრო შემაშფოთებელი ჩვენი პარტნიორებისთვისაც. ამ ვითარებას ამძიმებს გარემოება, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება. იგი იბრძვის სიცოცხლისთვის და ებრძვის სიკვდილს. აქაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მთავარი პარტნიორი სახელმწიფოს წარმომადგენლების როლი. აქაც, როგორც არასდროს ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ეს ვითარება ძალიან მალე შეიცვლება მიხეილ სააკაშვილის, როგორც უსამართლოდ ტყვეობაში მყოფი ადამიანის სასარგებლოდ. იგი გადაყვანილი იქნება შესაბამის ევროპულ სახელმწიფოში შესაბამის სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში. ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით ძალიან სწრაფად იქნება მიღებული ზომები და მალე დაბრუნდება“.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი დერეკ შოლე საქართველოს გუშინ ეწვია. იგი დღეს უკვე შეხვდა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S