Accentnews.ge
ვიოლა ფონ კრამონი: "წულუკიანი იყენებს იგივე მეთოდებს, რასაც – პუტინი"

ვიოლა ფონ კრამონი: "წულუკიანი იყენებს იგივე მეთოდებს, რასაც – პუტინი"

19/05/2022 13:42:23 პოლიტიკა

"წულუკიანი იყენებს იგივე მეთოდებს, რასაც – პუტინი", – ასე ეხმიანება „ტვ პირველთან“ საუბრისას ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებას, რომლის მიხედვით, ქართველი პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ „ვიოლა ფონ კრამონს საქართველო და ქართველი ხალხი დიდად არ აღელვებს“.

როგორც ევროპარლამენტარი აღნიშნავს „როცა პუტინს აკრიტიკებენ, მათ რუსოფობებს ეძახიან, არადა ეს კრიტიკა პუტინის რეჟიმს მიემართება და არა რუს ხალხს, ასეა საქართველოს შემთხვევაშიც".

"გულწრფელად რომ გითხრათ, ძალიან გაკვირვებული ვარ. 2012 წელს მე ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა ქალბატონ წულუკიანთან. მე მაშინ საქართველოში მის ოფისში ვიყავი და ბევრი ვისაუბრეთ. ორივეს ძალიან გვიხაროდა, "ნაციონალური მოძრაობისა" და მიშას (სააკაშვილის) გადარჩევა მოხდა. კანონის უზენაესობვაზე, ციხეებში პატიმრების საკითხებზე, დემოკრატიულ რეფორმებზე ჩვენ აბსოლუტურად ერთ მხარეს ვიყავით. მე ვიცი, რომ იგი განათლებული ადამიანია, წლების განმავლობაში მუშაობდა ევროპაში, ევროპული სასამართლოსთვის. იგი დემოკრატიის მხარდამჭერი იყო. ახლა რაღაც მოხდა, არანაირი იდეა არ მაქვს, რატომ გახდა იგი ასეთი რადიკალური და რატომ ავრცელებს ასეთ ინფორმაციებს. მე "ნაციონალური მოძრაობის" ბანაკში არ ვარ და არც არასდროს ვყოფილვარ. მიკვირს რატომ ამირჩია მე. რადგან აქ, ევროპის პარლამენტში 5 მსხვილი პარტია ვართ, რომელიც საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ერთნაირად ფიქრობს. მისი ბრალდებები ჩემზე აბსოლუტურად უსაფუძვლოა და იმედგამაცრუებელია. წულუკიანი იყენებს იგივე მეთოდებს რასაც პუტინი. როცა პუტინს აკრიტოკებენ, მათ რუსოფობებს ეძახიან, არადა ეს კრიტიკა არ მიემართება რუს ხალხს, ჩვენ ვაკრიტიკებთ პუტინის რეჟიმს. ასეა საქართველოს შემთხვევაშიც, ჩვენ არა ქართველ ხალხს და საქართველოს, არამედ, ხელისუფლებას ვაკრიტიკებთ, როგორც ქვეყნის წარმომადგენელს, რადგან მოვლენები მათი მხრიდან არასწორი მიმართულებით ვითადება", - განაცხადა, "ტვ პირველის" ცნობით, ევროპარლამენტარმა.

ვიოლა ფონ კრამონი აღნიშნავს, რომ "ხელისუფლება ერთის მხრივ, აცხადებს, რომ ევროატლანტიკური სივრცისკენ მიისწრაფვის, თუმცა ამის პარალელრად ყველაფერს აკეთებს, რომ ეს პროცესი შეჩერდეს".

ვიოლა ფონ კრამონი "მთავარი არხის" ხელმძღვანელის დაკავებაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ "ფაქტი ბევრ კითხვას აჩენს რაც ევროინტეგრაციის ხელშემწყობი ნამდვილად ვერ იქნება".

ევროპარლამენტარი ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც ახსენებს და ამბობს, რომ "საქართველოს ხელისუფლებამ კონსტრუქციული გამოსავალი უნდა გამოძებნოს და მესამე პრეზიდენტს იმის საშუალება უნდა მისცეს, რომ სხვა ქვეყანაში იმკურნალოს".

რაც შეეხება სანქციებს, იგი აცხადებს, რომ ამერიკის ან ევროკავშირის ნაცვლად ვერ ისაუბრებს, მაგრამ ის რასაც ხედავს, არის გაზრდილი უკმაყოფილება "ქართული ოცნების" მიმართ.

"ერთი ხელით ევროინტეგრაციისთვის იბრძოდე და მეორეთი ყველაფერს აკეთებდე, ამის საწინააღმდეგოდ, ეს ბუნებრივია, ძალიან გაართულებს პოზიტიური გადაწყვეტილების მიღებას, რასაც ახლა საქართველოში ევროკავშირისგან ელოდებიან. "ქართული ოცნება" ქართული საზოგადოებისგან განსხვავებით, თავს არ წარმოადგენს როგორც პროდასავლურსა და პროევროპულს. რატომ მოხდა ამდენი ნეგატიური რამ ბოლო სამ კვირაში, როცა თქვენ პასუხის მოლოდინში ხართ. ევროინტეგრაციას არ დაეხმარება ნიკა გვარამიას საქმე რადგან ამ გადაწყვეტილებამ კითხვები გააჩინა ბრალდების, დროის და დასაბუთების შესახებ. პოლარიზაციას ზრდის სააკაშვილის საქმე. მე ვიცი, რომ მისი მდგომარეობა მძიმეა. საქართველოს ხელისუფლებას ვთხოვ, იპოვოს კონსტრუქციული გამოსავალი და მისცეს მას სხვა ქვეყანაში მკურნალობის საშუალება. რადგან ვიცით, რომ მაგალითად პოლონეთი ამისთვის მზადაა. ამ პროცესს მოლაპარაკებები სჭირდება და ვფიქრობ, ვიპოვით გამოსავალს", - განაცხადა, "ტვ პირველის" ცნობით, ევროპარლამენტარმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S