"ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც გაშორებთ დემოკრატიას, ხელისშემშლელი იქნება საქართველოს უფრო ფართო ევროატლანტიკური სწრაფვისთვის"
19/05/2022 16:41:48 პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროსი მრჩეველი დერეკ შოლე აცხადებს, რომ "ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც საქართველოს აშორებს დემოკრატიას, ხელისშემშლელი იქნება ქვეყნის უფრო ფართო ევროატლანტიკური სწრაფვისთვის". ამის შესახებ მან "რადიო თავისუფლებას" განუცხადა.
კითხვაზე, "ბევრი თვლის, რომ ნიკა გვარამიას შემთხვევა, მისი დაპატიმრება ხელს შეუშლის, მორიგ წინაღობად გადაიქცევა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, ასევე - ნატოსიც, მაგრამ ეს მომენტი ძალიან მნიშვნელოვანია ახლა ევროინტეგრაციის კუთხით. რას იტყოდით ამაზე?", შოლემ შემდეგი განაცხადა:
"დერეკ შოლე პასუხობს: „ევროკავშირის ნაცვლად ვერ ვიტყვი, როგორი ზეგავლენა შეიძლება ამან იქონიოს. ვიცი, პრემიერ-მინისტრი გუშინ იმყოფებოდა ბრიუსელში და შეხვდა ევროკავშირის მაღალი რანგის პირებს. მარტივად რომ მივუდგეთ, ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც გაშორებთ დემოკრატიას, ხელისშემშლელი იქნება საქართველოს უფრო ფართო ევროატლანტიკური სწრაფვისთვის. ეს იყო ჩემი გზავნილი დღევანდელ ყველა შეხვედრაზე: მიუხედავად იმისა, რომ აშშ სრულად უჭერს მხარს ამ [საქართველოს ევროატლანტიკურ] სწრაფვას, მას სურს საქართველომ მიაღწიოს ამ მიზნებს, რეალობა ისაა, რომ ისეთი რამეები [ნიკა გვარამიას დაჭერა], რაც ამ კვირის დასაწყისში მოხდა, გაართულებს ამის მიღწევას“.
დერეკ შოლე საქართველოს 18 მაისს ეწვია. დღეს მან შეხვედრები გამართა მთავრობის, ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომედგენლებთან. მან თბილისი უკვე დატოვა.


