
კორნელი კაკაჩია: „თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა, საერთაშორისო იზოლაციამდე მივიდეთ“
20/05/2022 16:00:08 ინტერვიუ
აქტუალურ საკითხებზე ინტერვიუ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთან, პოლიტიკის მეცნიერთან, კვლევითი ორგანიზაცია „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელ კორნელი კაკაჩიასთან.
– ბატონო კორნელი, მმართველი გუნდის წევრების მხრიდან რიგი დასავლელი პოლიტიკოსების, პარტნიორების არასათანადოდ მოხსენიება სიახლეს არ წარმოადგენს: გვახსოვს პრემიერ–მინისტრ ღარიბაშვილის განცხადება ევროპარლამენტარებთან მიმართებით, ირაკლი კობახიძის ირიბი მინიშნება აშშ–ის მოქმედ ელჩთან დაკავშირებით, მაგრამ ახლა ეს რიტორიკა უფრო ინტენსიური გახდა: ბიძინა ივანიშვილის ფინანსების კონტექსტში შეთქმულების თეორიები შემოგვთავაზეს დასავლელ პარტნიორებზე მინიშნებით, „საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობენო“, კულტურის მინისტრმა ყველა უცხოელი კრიტიკოსი „ნაცად“ გამოაცხადა... მათ ხომ გაცნობიერებული აქვთ, რომ ეს გზავნილები მხოლოდ საქართველოში არ რჩება, მათ პარტნიორებიც უსმენენ. ამ მიდგომით რის მიღწევას ცდილობენ, მიზანი რა არის?
– ზუსტი მიზანი, ცხადია, ვერ გვეცოდინება. შეიძლება, ვივარაუდოთ და ამგვარად ვცადოთ ახსნა: მმართველი გუნდი (ბიძინა ივანიშვილიც), გახანგრძლივებული კრიზისის ფონზე ხელისუფლების ნებისმიერ ფასად შენარჩუნებას ცდილობს. იციან, რომ ორიოდ წელიწადში არჩევნებია, მათთვის არჩევნებში დამარცხება, იმ ფონზე, რაც ხდება (სააკაშვილის, გვარამიას დაკავება), ნიშნავს არა მხოლოდ რეჟიმის ჩამოშლას, არამედ ქართული პოლიტიკის წესის – „ვენდეტის“ ამოქმედებას. ბუნებრივია, ამის გამო არსებობს შიში და ცდილობენ, ხელისუფლებაში ყოფნის ვადა მაქსიმალურად ნებისმიერ ფასად გაიხანგრძლივონ. თითქოს ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასულია, მაგრამ ვნახეთ, როდესაც მის ფინანსებთან დაკავშირებით შეიქმნა პრობლემები, დაიწყო სახელისუფლებო პარტიის წევრების გამოსვლები. რატომ უნდა საუბრობდნენ მმართველი გუნდის პოლიტიკოსები ვიღაც კერძო პირის პრობლემებზე, თუ ის პოლიტიკიდან გასულია? რამდენ მოქალაქეს აქვს პრობლემა და იგივე მონდომებით ახმოვანებენ? ეს ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ბიძინა ივანიშვილი, როგორც ბევრს ჰგონია, რეალურად არის ქართულ პოლიტიკაში და პროცესებსაც მართავს. აქედან გამომდინარე, მათი ამგვარი რიტორიკის ერთ–ერთი მიზანი არის ის, რომ „მესიჯები“ გაუგზავნონ დასავლეთს, „თუ ჩემს ინტერესებს არ გაითვალისწინებთ და ჩემს წინააღმდეგ განეწყობით, ხელისუფლებას ჩემით არ დავთმობ, მყავს ჩემი მომხრეები (რაც სიმართლეა) და მათ შენს წინააღმდეგ დავრაზმავო“. ეს გარკვეულწილად, შანტაჟია. ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანს.
– და რისი იმედი აქვთ, რომ ამასაც „გადაყლაპავენ“?
- ზოგადად, ყველა დაღლილია საქართველოთი, მათ შორის – ვაშინგტონსა და ბრიუსელშიც. გარდა ამისა, ამჟამად ყველას ყურადღება უკრაინისკენაა მიპყრობილი. არავინ იცის, უკრაინის ამბები როგორ და როდის დამთავრდება. შემდეგ ალბათ, საქართველოსთვისაც მოიცლიან. ჩვენს ხელისუფლებას, როგორც ჩანს, იმედი აქვს, რომ მანამდე პოზიციებს რაღაცნაირად გაიმყარებს, რომ შემდეგ დასავლეთს საკუთარი პირობები წაუყენოს.
– ერთ–ერთ მიზნად დასავლეთის ადგილობრივ დონეზე დისკრედიტაცია შეიძლება, განვიხილოთ?
- რა თქმა უნდა, თუ დასავლეთში მმართველი გუნდის გზავნილებს არ გაითვალისწინებენ, ეს რიტორიკა კიდევ უფრო გამწვავდება. ეს არ მოდის თავსებადობაში დეკლარირებულ კურსთან, მაგრამ თავსებადობაშია ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობასთან.
– ანუ საკუთარი ამომრჩევლის კონსოლიდირება, დანარჩენ ამომრჩეველში ნიჰილიზმის მაქსიმალურად გაღრმავება, რაც მმართველი გუნდის სასარგებლოდ მუშაობს...
- დიახ. პლუს ამას, ოპოზიცია საკმაოდ ფრაგმენტული, სუსტია და ამით სარგებლობს ხელისუფლება.
– ფიქრობთ, რომ მმართველი გუნდი მომენტით სარგებლობს, მათ შორის - რეგიონში არსებული ვითარებით?...
– ყველამ იცის, რომ დღეს საქართველო ვერ იქნება დასავლეთისთვის #1 საკითხი. იმავდროულად, საქართველოს მიმართ ძალიან ბევრი შეკითხვები რომ არსებობს და მისი რეპუტაცია რომ შელახულია საერთაშორისო თვალსაზრისით, ესეც ყველასთვის ცნობილია.
– თქვენ ისიც ბრძანეთ, საქართველოს თემით დაიღალნენო. მეტი გვიამბეთ თქვენი დაკვირვების შესახებ...
– ერთი თვის წინ გახლდით სტრასბურგში და ბრიუსელში, სადაც ევროპარლამენტარებს, ევროკომისიის წარმომადგენლებს შევხვდით. ასევე ვხვდებით დიპლომატებს და ა.შ.– სხვადასხვა ადამიანებს. ხელისუფლებაშიც კარგად იციან, რომ უკრაინასთან დაკავშირებით გაკეთებულმა განცხადებებმა დასავლეთში საქართველოს ხელისუფლების იმიჯი ძალიან დააზიანა, ხედვა ვერ გაიგეს. აქ არ ვგულისხმობ ქართველ ხალხს, რადგან საზოგადოების დამოკიდებულება მათთვის ცნობილია. ძალიან ბევრი კითხვაა – საით მიდის საქართველო? ცვლის თუ არა კურსს? რა სტრატეგიული მიმართულება აქვს? ყველა ხვდება, რომ ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნების რეჟიმშია. საქართველოსგან „მეორე ფრონტის“ გახსნას არავინ ელოდა და არც ვინმე ითხოვდა, უბრალოდ უკრაინისადმი სოლიდარობის კუთხით მეტი მოლოდინი იყო და ამ მიმართულებით ბევრი რამის გაკეთებაც შეიძლებოდა. ამას ემატება დემოკრატიის უკუსვლა, რომელიც მანამდეც გვქონდა სახეზე; შარლ მიშელის დოკუმენტის შეუსრულებლობამ კიდევ უფრო გაამყარა ეჭვები; პლუს ოლიგარქიული მმართველობა ... საქართველოდან პოზიტიური არაფერი ისმის. ქვეყანა, რომელიც რამდენიმე წლის წინ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფლაგმანი იყო, დღეს მაჩანჩალა, არაფრით გამორჩეულია. ცხადია, ეს საქართველოსთან მიმართებაში ნეგატიურ განწყობებს აჩენს და ეს აისახება კიდეც იმაშიც, თუ როგორ ხვდებიან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ევროპაში, დიპლომატიურ თუ აკადემიურ წრეებში. საქართველომ დაკარგა მორალური უპირატესობა, რომელიც მას ათწლეულების განმავლობაში ჰქონდა და რომლის გამოც ყოველთვის უჭერდა მას მხარს დასავლეთი, რადგან აღიქმებოდა როგორც მუდმივმოქმედი რეფორმების ცენტრი რეგიონში. სწორედ ეს ეხმარებოდა საქართველოს და არა პრეზიდენტების პირადი კონტექსტები. ჩვენი გეოგრაფიული მოწყვლადობიდან გამომდინარე, ერთადერთი შანსი გვქონდა, რითაც ვიპყრობდით ყურადღებას. მაგალითად, იგივე უკრაინამ მოთხოვნების 100%–იდან 50%–იც რომ შეასრულოს, ეპატიება, რადგან ევროპის უსაფრთხოების სისტემისთვის მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, უკრაინის წონა განსხვავებულია. ხოლო ჩვენ 120%–ით უნდა შევასრულოთ, რათა ყურადღება მივიპყროთ. და ამ პირობებში რასაც ახლა ვაკეთებთ, ამას საკუთარ ფეხებში სროლა ჰქვია. ბევრი რამ არის დამოკიდებული, როგორ დასრულდება უკრაინის მოვლენები, მაგრამ ეს რომ დასავლეთისთვის შეუმჩნეველი არ დარჩება, ფაქტია.
– თქვენც ისაუბრეთ ყურადღების მიპყრობის სირთულეზე. ამავე კონტექსტში მინდა, ვიკითხო, საქართველო არაა განებივრებული ლობისტებით, რომლებიც მუდმივად წამოწევენ ჩვენს საკითხებს. თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც თავს საქართველოს მეგობრებად მიიჩნევენ, საუბრობენ ჩვენზე, მმართველი გუნდი კი მათ დისკრედიტაციას ცდილობს. ეს რას ნიშნავს?
– ამით რეალურად, კიდევ უფრო ასუსტებენ საქართველოს იმიჯს და მის გავლენას საერთაშორისო სარბიელზე. თუ ასე გაგრძელდა, ამან შესაძლოა, საერთაშორისო იზოლაციამდე მიგვიყვანოს, რადგან ეს პოლიტიკა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს, აუცხოებს ჩვენს მეგობრებს, მოსკოვში კი „მუსიკად“ ჩაესმით – ეს არის მოკლე შეჯამება ამ პოლიტიკის. თუ ქვეყანა იზოლაციისკენ წავიდა, შეწყდება, მათ შორის, ევროკავშირის ფინანსური დახმარებები, აღარ ვსაუბრობ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე და ა.შ. – ეს ყველაზე ცუდი სცენარია. მაინც იმედი მაქვს, რომ აქამდე არ მივა ქვეყანა, რადგან ვფიქრობ, საზოგადოების პოზიცია მაინც სხვაა – ჯერ კიდევ მყარია ევროკავშირის, ნატოს და ზოგადად დემოკრატიისადმი მხარდაჭერა.
– ბრძანეთ, მათ შორის, უკრაინასთან დაკავშირებით თბილისის პოზიციონირებამ დააზიანა ხელისუფლების იმიჯიო. მმართველი გუნდის წევრების რიტორიკაში, გარდა „ომის პარტიაზე“ აქცენტირებისა, შიგადაშიგ შეიძლება, ამოიკითხოთ არგუმენტები, რომ ეკონომიკურად მიბმულები ვართ რუსეთს, რომ ოკუპაციის პირობებში ვიმყოფებით და რომ რისკები ჩვენთვის უფრო მაღალია, ვიდრე სხვებისთვის. იყო შესაძლებელი, მსგავსი კომუნიკაცია შემდგარიყო როგორც დასავლელ პარტნიორებთან, ისე კიევთან. ანუ, უნდა დავასკვნათ, რომ ამას ადგილი არ ჰქონია?
– გუშინ არ მოსულან ხელისუფლებაში და ამ 10 წლის განმავლობაში ხომ შეეძლოთ კავშირების დამყარება უკრაინაში, რომელიც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყანაა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია? ამ კუთხით არაფერი გაუკეთებიათ. გარდა ამისა, ვერ დამისახელებთ ვერც ერთ სენატორს, კონგრესმენს ან ევროპარლამენტარს, რომელიც დღეს ან ხვალ რომ გაუჭირდეს „ქართულ ოცნებას“, დაიცავს. მათ საქართველოსთვის ახალი მეგობრები არ შეუძენიათ.
– რა უშლიდათ ხელს?
– როგორც ჩანს, არ არის მათთვის პრიორიტეტი. საგარეო პოლიტიკა მათთვის არაა აქტუალური, მიუხედავად იმისა, რომ საუბრობენ, „ომი არ მომხდარა“ და ა.შ. რეალურად, ამ პოლიტიკით რუსეთის ინტერესების გათვალისწინებას ახდენენ. ჩვენ გამოვაქვეყნეთ სტატია, „საქართველოს საგარეო პოლიტიკის ფინლანდიზაცია“. ცივი ომის პერიოდში ფინეთი შეზღუდული სუვერენიტეტის პირობებში არსებობდა – ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ახორციელებდა უსაფრთხოების პოლიტიკას, მაქსიმალურად ითვალისწინებდა რუსეთს. დღევანდელი საქართველო სწორედ იმჟამინდელ ფინეთს ემსგავსება, თორემ ახლანდელი ფინეთი საით მიდის, ვხედავთ.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021