წულუკიანი: "გერმანიაში არ ცხოვრობენ სამადაშვილის რეცეპტით, არც ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ვიოლასით"
23/05/2022 05:13:25 პოლიტიკა
საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის კრიტიკას ეხმიანება და აცხადებს, რომ მის განცხადებებზე კომენტარების გაკეთება როგორც თავად, ასევე სხვებმაც უნდა შეწყვიტონ.
"დაახლოებით იმას ჰგავს, რომ სალომე სამადაშვილი გამოდიოდეს დილით, შუადღეს, საღამოს გერმანულ და ფრანგულ არხებზე და გერმანელ და ფრანგ ერებს ასწავლიდეს, როგორ იცხოვრონ. წარმოიდგინეთ, რამდენად არასერიოზულად გამოჩნდებიან ფრანგები და გერმანელები, ყოველდღე რომ კომენტარები აკეთონ იმაზე - სალომემ ასე თქვა, სალომემ ისე თქვა. ეს ხარხარის დონის ანეკდოტია. ჩვენ ასე ვიქცევით საქართველოში და ალბათ, დროა, რომ ასეთი ქცევა ყველამ - ჩემით დაწყებული, სხვისით გაგრძელებული, შევწყვიტოთ იმიტომ, რომ გერმანელები არ ცხოვრობენ სალომე სამადაშვილის რეცეპტებით და მეც არ მგონია, რომ ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ვინმე ვიოლას ან იან კელის რეცეპტებით. ჩვენ გვყავს ჩვენი ოფიციალური კოლეგები სახელმწიფო დეპარტამენტში, მათი წარმოგზავნილი ოფიციალური ელჩია ქალბატონი კელი დეგნანი, რომელთანაც შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს, გვყავს ევროკავშირში სხვადასხვა დეპუტატები", – განაცხადა წულუკიანმა.
მანამდე წულუკიანმა განაცხადა, რომ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი და აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოორდინირებულად მუშაობენ, რათა „გადააყირაონ ეს მთავრობა“. ამის შემდეგ ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა, რომ ის იმედგაცრუებულია საქართველოს კულტურის მინისტრის ბრალდებებით. ამასთან, მისი თქმით, "წულუკიანი იყენებს იგივე მეთოდებს, რასაც პუტინი".


