„ლელო“ ინტერპელაციის წესით ირაკლი ღარიბაშვილს 27 მაისს პარლამენტში იბარებს
23/05/2022 07:17:32 პოლიტიკა
„ლელო“ ინტერპელაციის წესით ირაკლი ღარიბაშვილს 27 მაისს პარლამენტში იბარებს. შესაბამისი განცხადება პარტიის წევრმა დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა გააკეთა.
"ლელოს" გუნდის მთავარი მიზანია საზოგადოებამ, პირველ რიგში კი საქართველოს მოქალაქეებმა მიიღოს პასუხი კითხვაზე: რამდენად არის დაცული დღეს საქართველო იმისგან, რომ არ გახდეს რუსეთისთვის საერთაშორისო სანქციების ასარიდებლად „შავი ხვრელი“. ამ საკითხზე მე გაგზავნილი მაქვს დეტალური კითხვები სახელმწიფოს სხვადასხვა უწყებებთან, მათ დიდ ნაწილს ჯერ პასუხები არ გაუცია, რაც კონსტიტუციის დარღვევაა. დღეს ტრიბუნიდან მოვუწოდებთ, მოგვაწოდონ ეს ინფორმაცია და პრემიერი პარლამენტში მოვიდეს გატარებულ ღონისძიებებზე კონკრეტული პასუხებით. დღეს, “შავ ხვრელად“ გადაქცევა თავად საქართველოსთვის არის საშიში და ძალიან დიდ ზიანს მოუტანს ჩვენს ქვეყანას. შესაბამისად, მოცემულ სიტუაციაში უაღრესად მნიშვნელოვანია კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხების მიღება პრემიერ- მინისტრისგან", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.


