კობახიძე - პოდოლიაკსა და გონჩარენკოზე: "40 წლის ასაკში გახდნენ უკრაინის პატრიოტები"
23/05/2022 08:16:08 პოლიტიკა
"ყველას უნდა შევახსენოთ, ვინ არის პოდოლიაკი, გონჩარენკო, ვინ არიან სხვები, რომლებიც ითხოვენ საქართველოში ომის გაჩაღებას და იმას, რომ რუსებმა უნდა დახოცონ ქართველი ქალები და ბავშვები. მე, მათ განცხადებებს პირდაპირი ტექსტით ვციტირებ", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა დასმულ შეკითხვას, რატომ აკრიტიკებს მუდმივად „ქართული ოცნება“ უკრაინის ხელისუფლებას და იგივე კრიტიკა რატომ არ ისმის რუსეთის ხელისუფლების მიმართ.
მისი თქმით, "რაც შეეხება უკრაინის მიმართ დამოკიდებულებას, საქართველოს ხელისუფლება პირველ რიგში, ეხმარება უკრაინის სახელმწიფოს და უკრაინელ ხალხს და ამასთან დაკავშირებით უამრავი ნაბიჯი გადაიდგა" .
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, "საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინის მიმართ მხარდაჭერა ყველა პლატფორმაზე გამოხატა".
„რაც შეეხება ზოგადად ჩვენს დამოკიდებულებას , რა თქმა უნდა ჩვენ, გამომდინარე იქიდან, რომ დღეს უკრაინა ომის მდგომარეობაშია მისი ხელისუფლების მიმართ ვცდილობთ ვიყოთ მაქსიმალურად თავშეკავებული, მაგრამ ხშირად რთულია არ გამოხატო პოზიცია მაშინ, როდესაც ყოვლად ალოგიკურ გადაწყვეტილებას იღებენ. მაგალითად, იმასთან დაკავშირებით, რომ ელჩი გაჰყავთ ქვეყნიდან, ან როდესაც აკეთებენ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის სამხედროებს უნდა ჰქონდეთ სხვა საქმე გარდა უკრაინელი ქალების და ბავშვების დახოცვისა. ანუ უნდა ჰქონდეთ საქმე, რასაც ჰქვია ქართველი ქალების და ბავშვების დახოცვა და არამარტო კაცების დახოცვა. ამაზე როდესაც საუბრობს მაგალითად, მათი უშიშროების საბჭოს მდივანი, როდესაც საქართველოს ომში ჩართვაზე საუბრობს პრეზიდენტის მრჩეველი და ა.შ. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება სათანადო პასუხები და მკაცრი პასუხები. კიდევ ერთხელ გავიმეორებ თვითონ პიროვნებებთან დამოკიდებულებას, ჩვენ გვაქვს სერიოზული კითხვის ნიშნები იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც 40 წლის ასაკში გახდნენ უკრაინის პატრიოტები და რომლებიც მანამდე გამოირჩეოდნენ პრორუსული განწყობებით და არამარტო განწყობებით, პირდაპირ საქმით. მაგალითად, იგივე პოდოლიაკი იყო დაახლოებული იანუკოვიჩთან, გონჩარენკო იყო პირდაპირ იანუკოვიჩის პარტიის წევრი და ა.შ. ასეთი ადამიანები, რომლებიც მანამდე იყვნენ პრორუსული განწყობების და საქმის მკეთებელი ადამიანები დღეს, 40 წლის ასაკში გახდნენ უკრაინელი პატრიოტები. ის, რომ მათ უნდათ დღეს, საქართველოში ომი და ის, რომ წარსულში ისინი დაკავშირებული იყვნენ იანუკოვიჩთან, ამ ორ ფაქტს შორის პირდაპირი კავშირია“,- აცხადებს კობახიძე.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ასევე უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას ვინ არის ბიძინა ივანიშვილი და არის თუ არა ისიც რუსი ოლიგარქი.
„რუსი ოლიგარქები მოიკითხეთ თქვენს ტელევიზიებში, ეს შემიძლია გითხრათ. მე მგონი, თქვენც არ გჯერათ, რასაც ამბობთ, თქვენ მუშაობთ სააკაშვილის და კეზერაშვილის ტელევიზიებში. სააკაშვილის და კეზერაშვილის ტელევიზიებში მომუშავე ადამიანები ასეთ განცხადებებს რომ აკეთებენ, მინიმუმ სირცხვილია. ჯერ გათავისუფლდით სააკაშვილის და კეზერაშვილისგან და მერე გააკეთეთ მსგავსი განცხადებები“,- მიმართა ჟურნალისტს ირაკლი კობახიძემ.


