ხვიჩია: "სამყაროში ერთადერთი პარლამენტი ვართ, სადაც ოპოზიციის ინიციატივებს არ იხილავენ"
23/05/2022 14:33:06 პოლიტიკა
თუ ოპოზიციას დე ფაქტოდ საკანონმდებლო ინიციატივის უფლება ჩამოგვერთვა და ჩვენი ინიციატივები არ იხილება, მაშინ კანონში ჩავწეროთ, რომ სამყაროში ერთადერთი პარლამენტი ვართ, სადაც ოპოზიციის ინიციატივებს არ იხილავენ! - განაცხადა პოლიტიკურ ჯგუფ “გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ბიუროს სხდომაზე მას შემდეგ, რაც ბიურომ “სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებებზე “გირჩის“ კანონპროექტის განხილვა 30 დღით გადაავადა.
პროექტი პარლამენტს ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში წარედგინა და მას შემდეგ განხილვა რამდენჯერმე გადავადდა.
“რამდენი ხნით შეიძლება ასე გაგრძელდეს?! 30 დღით ერთხელ გადავდეთ და მეათე თვის ბოლოსაც კიდევ 30 დღით გადავდეთ. როდის არის ბოლო ვადა?! პროექტს უკვე მეხუთეჯერ ვდებთ. პარლამენტის ვადა 2024 წლისთვის რომ ამოიწურება, შემდეგი პარლამენტისთვის გადავდოთ?! თუ რაიმე ჩემი გასაკეთებელია, მითხარით და ვიზამ, თუ პარლამენტის გასაკეთებელია - პარლამენტმა გააკეთოს. კანონში წერილია, რომ პროექტი რაღაც ვადაში იხილება და შეიძლება განხილვა გამონაკლისის სახით გადაიდოს, მაგრამ შეიძლება, რომ ათი თვე სულ გამონაკლისი იყოს და სულ იდებოდეს?! თან ეს ისეთი კანონებია, რომელსაც ციხეში მყოფი ადამიანები ელოდებიან“, - განაცხადა ხვიჩიამ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.


