"უნიკალური შესაძლებლობა გვაქვს, დავეხმაროთ უკრაინას საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში და პარალელურად, მოვახდინოთ ჩვენი ეფექტური გადაიარაღება"
24/05/2022 09:38:17 პოლიტიკა
პარტია „მოქალაქეების“ წევრი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი, რომელიც უკრაინაში ომში იბრძოდა, ინიციატივით გამოდის, რომ საქართველომ უკრაინას საბჭოთა წარმოების იარაღი მიაწოდოს, სანაცვლოდ კი თანამედროვე სტანდარტების შეიარაღება მიიღოს.
როგორც ელისაშვილმა პარლამენტში, სესიაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ იგი ვერ ხედავს ხელისუფლების სურვილს უკრაინას დაეხმარონ და პირიქით, ლანძღავენ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.
„ირაკლი კობახიძემ პრეს–კონფერენციაზე თქვა, რომ ოპოზიციაში თუ არის ვინმე, ვინც მეტყვის რით შეიძლება, დავეხმაროთ უკრაინას კარგი იქნება და მზად ვარ დებატებისთვისო. მეც მზად ვარ, ვიდებატოთ ამ საკითხზე. მე ღრმად მწამს, რომ ხელიდან ვუშვებთ უზარმაზარ შესაძლებლობას, რომ ჩვენი თავდაცვის ძალები უფრო ძლიერი გახდეს უკრაინის დახმარებით. ჩვენ, ჩვენი თავდაცვის ძალების გაძლიერების ათწლიანი გეგმა გვაქვს შემუშავებული, სადაც გაწერილი გვაქვს, თუ როგორ უნდა მოხდეს შეიარაღებაში არსებული ძირითადად საბჭოთა წარმოების იარაღის ჩანაცვლება დასავლური, ნატო–ს სტანდარტების შესაბამისი იარაღით. უნიკალური შესაძლებლობა გვაქვს გავაკეთოთ ის, რასაც პოლონეთი, ჩეხეთი და სლოვაკეთი აკეთებს. ერთის მხრივ, დავეხმაროთ ბრძოლაში ჩართულ მეგობარ და სტრატეგულ მოკავშირე უკრაინას საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში და გავაძლიეროთ, მეორეს მხრივ, მოვახდინოთ ჩვენი ეფექტური გადაიარაღება. პოლონეთი აწვდის საბჭოთა იარაღს, რომელიც ასე ნაცნობია უკრაინისთვის და სანაცვლოდ შეერთებული შტატებისგან, ბრიტანეთისგან, გერმანიისგან იღებს ეფექტურ, თანამედროვე სტანდარტების შეიარაღებას. შეგვიძლია ჩვენც ეს გავაკეთოთ, საბჭოთა ჯართი მოვიშოროთ და გადავცვალოთ ეფექტურ შეიარაღებაში. ამას გარდა, არაჩვეულებრივ ჩაფხუტებს და ჯავშანჟილეტებს აწარმოებს „დელტა“, რაც უბრალოდ შეგვიძლია გავუგზავნოთ. შეგვიძლია ,გავუგზავნოთ „დიდგორები“ სხვადასხვა ტიპის და მოდიფიკაციის კავშირგაბმულობის მანქანა სამედიცინო „მედევაკები“. პრობლემა იმაშია, რომ ვერ ვხედავ ხელისუფლების სურვილს, რომ რამით დავეხმაროთ უკრაინას, იქით ლანძღავთ ზელენსკის“,- განაცხადა ელისაშვილმა.


