გახარია: "ოლივერ ვარჰეის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ვესაუბრე"
24/05/2022 12:01:30 პოლიტიკა
პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ევროკავშირის კომისარს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ესაუბრა.
"რა თქმა უნდა, მთავარი სათქმელი საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების აუცილებლობა იყო, რომ ქვეყნის ევროპული მომავალი ქართველი ხალხის ურყევი, ისტორიული არჩევანია. ქართველ ხალხს გადახდილი აქვს იმის ფასი, რომ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი", - წერს გახარია სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: 3 მარტს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს ხელი მოაწერა. ქვეყნის ხელისუფლებამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება 2 მარტს მას შემდეგ მიიღო, რაც მიმდინარე ომის ფონზე უკრაინამ ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით მოთხოვნა გააკეთა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს წარადგინა მოლდოვამაც.
11 აპრილს ევროკომისარმა სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი გადასცა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელს, ევროკავშირის კითხვარის პირველი ნაწილი 2 მაისს, ხოლო მეორე ნაწილი 10 მაისს გადასცა.
კითხვარზე საქართველოს ხელისუფლების მიერ პასუხების გაცემის შემდეგ ევროკომისია მოამზადებს დასკვნას და ევროპულ საბჭოს გადაუგზავნის.
საგარეოს საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ივნისში დაგეგმილ ევროკაშირის საბჭოს სხდომაზეა მოსალოდნელი.


