Accentnews.ge
კრამერი და კელი: "პუტინი მარცხდება უკრაინაში, მაგრამ იმარჯვებს საქართველოში"

კრამერი და კელი: "პუტინი მარცხდება უკრაინაში, მაგრამ იმარჯვებს საქართველოში"

24/05/2022 16:05:15 პოლიტიკა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი იან კელი და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი მიიჩნევენ, რომ "ქართული ოცნება" გადაწყვეტილებებს იღებს იმის მიხედვით, გაანაწყენებს თუ არა ეს პუტინს". ამის შესახებ დიპლომატები საუბრობენ ერთობლივ სტატიაში სათაურით: "პუტინი მარცხდება უკრაინაში, მაგრამ იმარჯვებს საქართველოში".

სტატიაში აღნიშნულია, რომ უკრაინა და საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და კანონის უზენაესობისთვის იბრძვიან, თუმცა ახლა, როცა უკრაინა იგერიებს რუსეთის თავდასხმებს, საქართველო, მისი შავი ზღვის მეზობელი, არასწორი მიმართულებით მიდის.

დიპლომატები "ქართული ოცნების" ხელისუფლების პოლიტიკას აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ "ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობის სურვილის მიუხედავად, გაწევრიანდნენ NATO-სა და ევროკავშირში, მმართველი პარტია დასავლური ინტეგრაციის პოლიტიკას რიტორიკულად უჭერს მხარს, მისი ქმედებები კი აჩვენებს, რომ არასწორ ჯგუფებს ირჩევს".

"უკრაინაში მიმდინარე კრიზისისას უფრო ნათლად გამოჩნდა, რომ საქართველოს მმართველობა უფრო და უფრო ემსგავსება რუსულ მოდელს, რაზეც მეტყველებს ქვეყნის ერთპარტიული მართვა და ოპოზიციის დევნა. ჩვენ ვალდებულები ვართ ქართველების წინაშე, რომლებიც იმედოვნებენ ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებას, დაწესდეს მოგზაურობის აკრძალვები და სხვა სანქციები მათზე, ვინც ძირს უთხრის ქვეყნის დასავლეთთან ინტეგრაციას“, - აღნიშნულია სტატიაში.

სტატიაში ამერიკელი დიპლომატები "მთავარი არხის" დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებასაც ეხმიანებიან და აღნიშნავენ, რომ "ეს კიდევ ერთი ნაბიჯია საქართველოს ავტორიტარიზმისკენ მიმავალ გზაზე".

ამასთან, დიპლომატები აღნიშნავენ, რომ "მმართველი გუნდი მტკიცედ აკონტროლებს სასამართლოს და მისი გადაწყვეტილებები ძლიერი ოპოზიციის თავიდან ასაცილებლადაა მიმართული".

კრამერი და კელი აღნიშნავენ, რომ "ოცნება" განსაკუთრებით "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს დევნის" და ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზეც ამახვილებენ ყურადღებას, რომელმაც მათი თქმით, "დაპატიმრების შემდეგ ციხეში ცუდი მოპყრობა განიცადა".

კელი და კრამერი აღნიშნავენ, რომ განსაკუთრებით შემაშფოთებელია "ქართული ოცნების" პოლიტიკა უკრაინაში ომის მიმართ.

"საქართველოს მთავრობა უარს ამბობს რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე. მოქალაქეების უკრაინაში ომში ჩართვის თავიდან აცილებამ და საქართველოს სავარაუდო მცდელობამ, დაეხმაროს რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში, აიძულა უკრაინა, ქვეყნიდან ელჩი გაეყვანა“, - აღნიშნავენ დიპლომატები.

ამერიკელი დიპლომატები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ "ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან გავიდა, მას აშკარად აქვს დიდი გავლენა მთავრობის გადაწყვეტილებებზე და ქვეყნის პოლიტიკაზე".

პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ შეერთებულმა შტატებმა და მისმა ევროპელმა მოკავშირეებმა უნდა იმოქმედონ იმისთვის, რომ საქართველოს მთავრობას და განსაკუთრებით, მათ, ვინც კულისებიდან მართავენ პროცესებს, გადაათქმევინონ, ისეთი გადაწყვეტილებების მიღება და ისეთი პოლიტიკის განხორციელება, რომელიც საქართველოს დასავლეთიდან უფრო დაშორებასა და რუსეთთან დაახლოებას იწვევს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S