24-05-2022 22:17:53 თვალსაზრისი
დასავლეთიდან სულ უფრო ხშირად ისმის პროგნოზები იმის თაობაზე, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი ხანგრძლივი იქნება. ნატო-ს წევრი ქვეყნის - ნორვეგიის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენერალ ერიკ კრისტოფერსონის ინტერვიუ შესაძლებლობას გვაძლევს, შევიქმნათ მეტ-ნაკლები წარმოდგენა იმაზე, თუ რას ეყრდნობიან თავის ამ პროგნოზში, მაგალითად, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში.
კრისტოფერსონის აზრით, ალბათობა იმისა, რომ რუსეთი რეალურად აღასრულებს ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარას, რაც ომის ხანგრძლივობას საგრძნობლად შეამცირებდა, სადღეისოდ უკვე საკმაოდ დაბალია, რასაც განაპირობებს ა) პუტინის გარემოცვაში შექმნილი ვითარება და ბ) დასავლეთის მიერ მოსკოვის მკაფიო გაფრთხილება.
მართალია, თავად ნორვეგიელი გენერალი აქ “ფრჩხილებს არ ხსნის”, თუმცა დეტალები მკითხველს ბოლო პერიოდში განსაჯაროებულ ამერიკულ და ბრიტანულ სადაზვერვო მონაცემებზე, ასევე საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფების, მათ შორის Bellingcat-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით ჩვენც შეგვიძლია, განვუმარტოთ:
ა) პუტინის ძალოვანი ელიტა ხვდება, რომ ომი წაგებულია, აცნობიერებს რეჟიმის წინაშე არსებულ საფრთხეებს და ახლა საკუთარი მომავლის გადარჩენაზე ზრუნავს; იგი ჯერ ფარულად, მაგრამ აღარ ემორჩილება კრემლის იდეოლოგიურ ბრძანებებს და ალტერნატიული რეალობისთვის ემზადება. იმისათვის, რომ პუტინმა ბირთვული იარაღის გამოყენების ბრძანება გასცეს, იგი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ პასუხისმგებელ პირთა შესაბამის “ჯაჭვში” მყოფი ყველა დანარჩენი ჩინოსანი შეასრულებს ამ ბრძანებას - წინააღდეგ შემთხვევაში ეს დაუმორჩილებლობისა და საბოლოო ჯამში, პუტინის ლიკვიდაციის სიგნალად იქნება აღქმული. ხსენებული “ჯაჭვის” რგოლებს კი მსგავსი ბრძანების შესრულებით პასუხისმგებლობის აღება ნამდვილად არ უღირთ, რადგან არ აქვთ გარანტია იმისა, რომ პუტინი, ვთქვათ, სამ თვეში ჯერ კიდევ თანამდებობაზე იქნება და როგორც საკუთარ, ისე მათ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. მით უფრო – პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და უახლოესი მომავლისთვის დაგეგმილი ონკოოპერაციის შესახებ ინფორმაციის ფონზე, რომელიც ბოლო პერიოდში არაოფიციალურად აქტიურად განიხილება როგორც რუსეთში, მათ შორის - პუტინის ძალოვან გარემოცვაში, ისე დასავლეთის სადაზვერვო თანამეგობრობაშიც (მაგალითად, ბრიტანეთის დედოფლის სადაზვერვო სამსახურის – ე.წ. “მი-6”-ის ექს-შეფი რიჩარდ დიერლავი თავის ინტერვიუში გამოთქვამს პროგნოზს, რომ 2023 წლისთვის, ან შესაძლოა, უფრო ადრეც პუტინი რუსეთის სათავეში აღარ იქნება; უახლოესი მომავლისთვის დაგეგმილი ონკოოპერაციის შემდეგ კრემლის ამჟამინდელი მმართველი რუსეთში საპასუხისმგებლო თანამდებობრივ სავარძელში აღარ დაბრუნდება და “სანატორიუმში გაემგზავრება დასასვენებლად”, რაც სახელმწიფო გადატრიალების ერთგვარი ალტერნატივა იქნება. ამასთან, დიერლავი უახლოესი 12-18 თვის განმავლობაში არც რუსეთის დაშლას გამორიცხავს);
ბ) თუ ამასწინათ უცხოურ პრესაში გაჟონილ სადაზვერვო ინფორმაციას დავეყრდნობით, დასავლეთმა უკვე მკაფიოდ გააფრთხილა მოსკოვი იმის შესახებ, თუ რა ელის მას ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების შემთხვევაში. კერძოდ, აშშ-ისა და რუსეთის თავდაცვის უწყებების პირველ პირებს შორის ამასწინანდელი სატელეფონო კონტაქტის დროს ოსტინმა განუცხადა შოიგუს, რომ დასავლეთი მოსკოვის ბირთვულ ნაბიჯებს უპასუხოდ არც ერთ შემთხვევაში არ დატოვებს, თუმცა მისი პასუხი იქნება არაბირთვული; აშშ და მისი დასავლელი პარტნიორები გამოიყენებენ გაერთიანებულ არაბირთვულ ძალას – და რუსეთის მთელი შეიარაღებული ძალების სრულად განადგურებისთვის ჯამში 5 დღე დასჭირდებათ.
აი, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების ალბათობა სადღეისოდ ძალზე მცირედ წარმოჩინდება. მცირედ ეჩვენება იგი გენერალ კრისტოფერსონსაც. და ეს მოსაზრება, რომელიც შეგვიძლია, ნატო-ში დომინანტურად ჩავთვალოთ, აბათილებს ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსების არგუმენტს “ბირთვული საფრთხის გამო პუტინთან საერთო ენის გამონახვისა და მისთვის “სახის შენარჩუნებაში” დახმარების აუცილებლობის” შესახებ.
ბირთვული საფრთხის სიმცირის პირობებში კი, ნატო-ელი გენერლის შეფასებით, ომი განგრძობად ხასიათს იძენს და მეტიც – უკვე შეიძინა, რასაც ერთის მხრივ, უკრაინის შეიარაღებული ძალების შეუპოვარი წინააღმდეგობა განაპირობებს, ხოლო მეორეს მხრივ – პუტინის უუნარობა, საკუთარი გადაწყვეტილებების სიმცდარე აღიაროს და უამრავი ადამიანის, მათ შორის უპირველესად საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლეების გადასარჩენად შეეგუოს იმ ფაქტს, რომ დარჩენილი რესურსებით რუსეთი ომს ვეღარ მოიგებს.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ომის დასრულების შესაძლო ვადებზე საუბრისას ადრე არაერთი დასავლელი ანალიტიკოსი თანხმდებოდა იმაზე, რომ რუსეთის მიერ გამარჯვების შესაძლებლობის “ფანჯარა” საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან 7-8 თვეში – ანუ სადღაც მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიხურებოდა, რის შემდეგაც დაიწყებოდა მოსკოვის მარცხისკენ “ჩამოგორების” დაახლოებით 7-თვიანი პერიოდი და ბოლოს მისი სავალალო დასასრული.
თუმცა როგორც გენერალი კრისტოფერსონი აღნიშნავს, საბოლოო წაგების შემთხვევაშიც კი (თუკი, რა თქმა უნდა, ზოგიერთი ანალიტიკოსების პროგნოზები რუსეთის დაშლის შესახებ არ გამართლდება და ქვეყნის ამჟამინდელი რეჟიმიც უცვლელი დარჩება) კრემლი რევანშზე უარს არ იტყვის და ქვეყანაში დარჩენილ მთელს რესურსს ომში განცდილი დანაკარგების შევსებაზე მიმართავს.
ნატო-ელი მაღალჩინოსნის შეფასებით, სამხედრო ტექნიკისა და საბრძოლო მასალის კუთხით უკრაინის ომში უკვე მიღებული დანაკარგების შესავსებად მოსკოვს საშუალოდ 5-10 წელი დასჭირდება, ხოლო სანქციების პირობებში – უფრო მეტიც. შესაბამისად, ხსენებული 5-10 წლის შემდეგ რუსეთის მხრიდან მორიგი თითიდან გამოწოვილი მიზეზებით ახალ ომს შეიძლება, ველოდოთ.
სწორედ ესაა ამოსავალი წერტილი აშშ-ის, ბრიტანეთის, ნატო-ს პასუხისმგებელი პირებისთვის სადღეისოდ რუსეთთან მიმართებაში საკუთარი სამოქმედო გეგმისა და უკრაინის დახმარების მოცულობებისა თუ ტემპების განსაზღვრისას. სწორედ ამიტომაა დასახული მიზანი, რუსეთი არათუ დამარცხდეს უკრაინასთან ომში, არამედ დასუსტდეს იმდენად, რომ თვალსაწიერი მომავლისთვის სრულად გაუქრეს ვინმეს მიმართ საგარეო აგრესიის ყოველგვარი სურვილი.