„ოცნებას“ დასავლეთთან დაახლოება არ აწყობს, რადგან რეფორმა უნდა ჩაატაროს"
25/05/2022 06:45:38 პოლიტიკა
პოლიტიკური პარტიის „სტრატეგია აღმაშენებელი" წევრი სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ "ქართულ ოცნებას" დასავლეთთან დაახლოება არ აწყობს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში ისაუბრა.
ტელეარხის ჟურნალისტის კითხვაზე, იზიარებს თუ არა თეზისს "რუსული "ოცნება", პოლიტიკოსმა შემდეგი განაცხადა:
"მე ვიზიარებ თეზისს ანტიქართული, ანტიდემოკრატიული "ოცნება". მე ცოტა სხვა ახსნა მაქვს ამაზე –ბუნებრივად არ აწყობს „ოცნებას“ დასავლეთთან დაახლოება, რატომ? იმიტომ, რომ რეფორმა უნდა ჩაატაროს".
ამასთან, ჩიხლაძემ განმარტა, რატომ არ სურს მმართველ პარტიას რეფორმების გატარება:
"იგი დაკარგავს ხელისუფლებას და "ოცნება" არ წავა იმ გზით, რომელიც ხელისუფლებას არ დააკარგვინებს".
გარდა ამისა, ჩიხლაძემ ვაშინგტონში მისი პარტიის წევრების მიერ აშშ–ის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ქართული ოცნებისადმი" და ექს–პრემიერ ბიძინა ივანიშვილისადმი დამოკიდებულება არის ნულს ქვემოთ ჩამოსული".
რაც შეეხება საკითხს, მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, ჩიხლაძის ვარაუდით, "კანდიდატის სტატუსი იქნება გარკვეული პირობებით".
ამასთან, მან საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მოლდოვა, რომელიც საქართველოსთან და უკრაინასთან ერთად ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოლოდინშია, თბილისისგან განსხვავებით, გაცილებით აქტიურია და თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში მართავს მაღალი დონის შეხვედრებს ევროპაში წამყვან ქვეყნებთან.
მისი თქმით, ხელისუფლებამ თუ არ იმუშავა, თბილისის ნაცვლად, საქმეს სხვა არავინ გააკეთებს.


