"მთელი ტრაგიზმი "ქართული ოცნების" ის არის, რომ რეალობა მის სასარგებლოდ არ არის"
25/05/2022 08:11:36 პოლიტიკა
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ მთელი ტრაგიზმი "ქართული ოცნების" ის არის, რომ რეალობა მის სასარგებლოდ არ არის. ამის შესახებ მან ტელეკომპანია "კავკასიას" ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს ბრიუსელში და ცდილობს, პრობლემა ოპოზიციას გადააბრალოს.
"თუ არ მოგვცა ევროკავშირმა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, ეს იქნება "ოცნების" დამსახურება და ამ საკითხს ხელს ვერ შეუშლის ოპოზიცია, რადგან ხელისუფლებასა და ევროპოზიციაზეა დამოკიდებული. ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს ბრიუსელში და ვიღაცას ხომ უნდა დააბრალონ და ამიტომ ხდება ოპოზიციაზე გადაბრალება. "ოცნებას" შარლ მიშელის შეთანხმაბაზე დაბრუნებაც არ სურს. მისი გაფუჭებული საქმის გამოსწორებაც კი არ უნდა. ენმ ქვეყანას ვერც ააშენებს და ვერც დააქცევს, მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლებას შეუძლია, დააქციოს ან ააშენოს ქვეყანა", – განაცხადა ზაქარეიშვილმა.
იგი ვარაუდობს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება დროში გაიწელება.
"ვფიქრობ, რომ ჩვენთვის დროში გაიწელება. ვინაიდან უკრაინა ომშია შესაძლოა, მას მისცენ "დაუმსახურებლად", თუმცა აბსოლუტურად გასაგები იქნება, რათა ხელი შეუწყონ მობილიზაციას და ნდობას ევროპული ინსტიტუტების მიმართ. ჩვენ მუდმივად ვახდენთ დისტანცირებას უკრაინისგან. ჩვენთან თითქოს ომი არაა, აბა რატომ არ გვაქვს დიპურთიერთობები რუსეთთან? [...] ჩვენთან დაწყებული ომი გრძელდება უკრაინაში. ჩვენთან ომი არ დამთავრებულა. [...] ხელისუფლების მიერ ევროკავშირისკენ სვლა დემაგოგიის დონეზეა, მოქმედებაში ვართ გაჩერებული – ევროკავშირისკენ არ ვმოძრაობთ. [...] იქეთ ვაშანტაჟებთ ევროკავშირს – თუ ასეთ საქართველოს არ მიიღებ, უარესს მიიღებ. [...] მთელი ტრაგიზმი "ქართული ოცნების" ის არის, რომ რეალობა მის სასარგებლოდ არ არის. ნიადაგი რომელსაც ჰქვია რუსეთი სინამდვილეში არის ჭაობი. ისინი ჩაეფლობიან ამაში, ამიტომაა, რომ ევროკავშირი ჩვენ ასე გვებღაუჭება. ისინი ხედავენ რომ ქართულ საზოგადოებაში არის მტკიცე განწყობები. მათ არა "ქართული ოცნების", არამედ საქართველოს დემოკრატიის გადარჩენა სურთ მომავლისთვის, როცა "ქართული ოცნება" არ იქნება ხელისუფლებაში", – აცხადებს ზაქარეიშვილი.
მისი თქმით, ხელისუფლება არა ნატო–სა და ევროკავშირისკენ, არამედ ძალაუფლების განმტკიცებისკენ მიდის და ამის გარანტიას "რუსული იმპერიალიზმისკენ სწრაფვაში" ხედავს:
"ქართული ოცნება" სრულად აკონტროლებს ხელისუფლებას, სასამართლოს, პროკურატურას და ეძებს თავის პრობლემების მოუგვარებლობას ოპოზიციაში. ძალიან უსუსური პოზიციაა ხელისუფლების და საზოგადოება ამას უნდა ხედავდეს, რომ თავის თავიდან იცილებს პასუხისმგებლობას. აშკარაა, რომ ევროკავშირი ჩვენგან ელოდება მეტ დემოკრატიას. [...] ამასწინათ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ რუდენკომ განაცხადა, ჩვენ დაველოდებით რეფერენდუმის შედეგებს ცხინვალში და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარეო, საქართველო საერთოდ არ უხსენებია და ასეთ ადამიანებს არ აკრიტიკებენ [საქართველოს ხელისუფელება], ევროპას, რომელსაც საქართველო უყვარს, აკრიტიკებენ. ჩვენთან არსებობს ულტრამემრჯვენე ძალებიც, პარტიებიც, რომელთაც ასევე არ აკრიტიკებენ, აშკარად ჩანს, რომ ხელისუფლებას არათუ უნდა შეინარჩუნოს ძალაუფლება, არამედ, მას სურს მკაფიოდ გამოკვეთილი თავის ამომრჩეველი არ დაკარგოს იმიტომ, რომ ლიბერალურ და დემოკრატიულ ამომრჩეველში იგი თავის თავს ვერ ხედავს. რადგან დემოკრატია გულისხმობს, რომ შესაძლოა, დათმო ხელისუფლება. ამიტომ, "ოცნების" მთავარი ამოცანა არ არის ევროკავშირი, არც ნატო. რა თქმა უნდა, ისინი ბედნიერები იქნებიან თუ მიიღებენ კანდიდატის სტატუსს, მაგრამ ისინი ბედნიერები იქნებიან თი ამას მიიღებენ ყოველგვარი შრომის გარეშე. [...] ხელისუფლების მთავარი ამოცანაა ძალაუფლების შენარჩუნება, თუმცა არჩევნებით ისინი ვერ შეინარჩუნებენ გარანტირებულად ძალაუფლებას, ამიტომ მიისწრაფვიან უფრო იმ ძალებისკენ – ულტრამემარჯვენებისკენ და რუსული იმპერიალიზმისკენ რომელიც, რა თქმა უნდა, უზრუნველყოფს მათ ძალაუფლებას, თუ რუსეთთან იქნება კარგად".
მისი განმარტებით, ევროპისთვის მთავარი დემოკრატიაა, ხოლო რუსეთისთვის – საქართველოს არაპროდასავლურობა.
"ევროპისთვის მთავარი დემოკრატიაა და არა "ქართული ოცნება", მთავარია საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტები და არა "ქართული ოცნება". რუსეთისთვის მთავარია, რომ საქართველო არ გადაიხაროს ევროპისკენ. მთავარია, პროდასავლური არ იყოს", – დასძინა ზაქარეიშვილმა.


