პრემიერ-მინისტრი ტეხასის სკოლაში მომხდარ მასობრივ სროლას ეხმაურება და ამერიკელ ხალხს თანაგრძნობას უცხადებს
25/05/2022 08:40:53 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ტეხასის დაწყებით სკოლაში მომხდარ მასობრივ სროლას ეხმაურება და ამერიკელ ხალხს თანაგრძნობას უცხადებს. ამის შესახებ პრემიერი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
„ჩვენ შეძრულნი ვართ ახალი ამბით ტეხასის შტატის უვალდეს დაწყებით სკოლაში საშინელი მასობრივი სროლის შესახებ. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ და თანაგრძნობას ვუცხადებ ჩემი და თითოეული ქართველის სახელით დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს. ჩვენ ვდგავართ ამერიკელ ხალხთან ერთად ამ მწუხარების დროს,“- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
ცნობისთვის, ტეხასის ერთ-ერთ სკოლაში თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა.
საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, დაღუპულია 19 ბავშვი და ორი ზრდასრული ადამიანი.
ტეხასის გუბერნატორის გრეგ აბოტის განცხადებით, დაღუპულია თავდამსხმელი 18 წლის სალვადორ რამოსი, რომელიც პოლიციელის მიერ გახსნილ ცეცხლს ემსხვერპლა. თავდასხმის მოტივი ჯერ უცნობია.
ტეხასის სკოლაში მომხდარ თავდასხმაზე კომენტარი გააკეთა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა. ჯო ბაიდენმა დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.
„როდის ვაპირებთ, ღვთის სახელით, წინ აღვუდგეთ იარაღის ლობს? ასეთი მასობრივი სროლები იშვიათად ხდება მსოფლიოს სხვა ადგილას. რატომ ვართ მზად, ვიცხოვროთ ამ ხოცვა-ჟლეტით? რატომ ვაძლევთ საშუალებას ეს მოხდეს? დროა, ვიმოქმედოთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლის დროს.


