დეკანოიძემ ევროინტეგრაციისთვის მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორები დაასახელა
25/05/2022 13:04:51 პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დეპუტატის ხატია დეკანოიძის განცხადებით, ევროინტეგრაციისთვის საქართველოს მთავარი დამაბრკოლებელი, მათ შორის ექს–პრემიერ ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა, პოლიტიკური მართლმსაჯულება და რუსული პროპაგანდის გამეორებაა.
მან უმრავლესობის წევრებს მიმართა, რომ „მთავარი დაბრკოლება სხვაგან მოიკითხონ და არა ოპოზიციაში“.
„როდესაც ევროინტეგრაციის მთავარ დაბრკოლებაზე ვსაუბრობთ, ეს არის ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა. „ქართული ოცნება“ ატყუებს საქართველოს მოქალაქეებს და ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს ან „ქართულ ოცნებას“ შეუძლია, რუსეთთან რაიმე სახით ურთიერთობები დაალაგოს. ყველა, ვინც უკრაინის მიმართ სოლიდარულია ან რაიმე სახით უკრაინის მიმართ გრძნობას, ტკივილს გამოხატავს და უნდა, რომ ჩვენი ქვეყანა აქტიურად იყოს ამაში ჩართული, თურმე ყველა ამ ადამიანს ომი უნდა. მთავარი დაბრკოლება არაფორმალური მმართველობის გარდა, რუსული პროპაგანდის გამეორებაა, მაშინ, როდესაც რუსეთთან დალაგებული ურთიერთობები არ არსებობს. თუ რამე ოდნავ მაინც აბრკოლებს ევროინტეგრაციას, ეს არის ის, რომ მართლმსაჯულებაში დამოუკიდებლობის არავითარი ხარისხი არ არსებობს. მეორე, თქვენ გყავთ პოლიტიკური პატიმრები. რა დამოკიდებულებაც არ უნდა გქონდეთ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ, ის დღეს ციხეშია, უმძიმეს მდგომარეობაში. ნიკა გვარამია, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი ხმამაღალი კრიტიკოსი იყო ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“, ისინიც დააპატიმრეთ. არ არის ეს დამაბრკოლებელი გზა ევროინტეგრაციისთვის? რა თქმა უნდა, არის! ყველა ჩვენი მეგობარი, ვინც ამას ამბობს, მათ თქვენ კრიმინალების დამცველებს უწოდებთ“, - განაცხადა დეკანოიძემ.


