
ირაკლი მენაღარიშვილი: "ალტერნატივა ბევრად უარესია, ვიდრე ჩვენ წარმოგვედგინა"
25/05/2022 13:38:38 ინტერვიუ
საქართველოს პერსპექტივებზე ინტერვიუ საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრ ირაკლი მენაღარიშვილთან.
– ბატონო ირაკლი, ხვალ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღვნიშნავთ და წარსულში დაშვებულ შეცდომებზე საუბრისას ხშირად ვიხსენებთ 1990–იან წლებს, როდესაც ბალტიის ქვეყნებმა ევროპული პროექტების ირგვლივ გაერთიანება შეძლეს, ხოლო საქართველო სამწუხაროდ, სამოქალაქო ომში გაეხვა. პროცესზე დამკვირვებელთა ნაწილი ფიქრობს, რომ ანალოგიური „შესაძლებლობის ფანჯარა“ სწორედ ახლა იხსნება და შიშობენ, რომ ის კვლავ საქართველოს გარეშე დაიხურება. მსგავსი პერსპექტივა თქვენ რამდენად რეალისტურად მიგაჩნიათ?
– „შესაძლებლობების ფანჯარასთან“ დაკავშირებით საუბარი არ არის უსაფუძვლო, რადგან ხედავთ, რაც ხდება მსოფლიოში – რეალობა, რაც საერთაშორისო ურთიერთობების თვალსაზრისით გვქონდა, ფუნდამენტურად იცვლება და ეს, მათ შორის, საქართველოს მართლაც აძლევს თავისი სტრატეგიული არჩევანის რეალიზაციის მიმართულებით სერიოზული ნაბიჯების გადადგმის შანსს. შევძლებთ თუ არა მის რეალიზაციას, ეს დამოკიდებულია უპირველესად იმაზე, რამდენად მოვახერხებთ ჩვენ – საქართველოს მოქალაქეები ამ იდეის ირგვლივ გაერთიანებას და ერთობლივად მოქმედებას. 90–იანი წლების პრობლემა მხოლოდ ის კი არ გახლდათ, რომ საქართველო ამგვარად გაერთიანებული არ იყო: ჩვენს საზოგადოებას მკაფიოდ წარმოდგენაც არ ჰქონდა, რა სტრატეგიული მიზანი შეიძლებოდა, დაესახა; რა იქნებოდა საუკეთესო ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და ა.შ.ამიტომ, ამგვარი გაუგებრობის გამო უამრავი რამ დაიკარგა. დღეს ჩვენ ამის საშუალება გვაქვს თუნდაც იმ გამოცდილების საშუალებით, რომელიც გასულ ათწლეულებში მივიღეთ. ვფიქრობ, ჩვენი სტრატეგიული ამოცანების რეალიზაცია ახლა ბევრად უფრო რეალისტურია.
– დიახ, თითქოს ყველაფერი ნათელია, გამოცდილებაც მივიღეთ, მაგრამ მაინც გვიჭირს კონსოლიდაცია და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა...
– ეს საქმე მარტივი არ არის, მაგრამ ამისთვის საჭიროა ყველა ძალის კონსოლიდაცია. ვიმეორებ, ეს მარტივი არ იქნება, მაგრამ ამის გარეშე ქვეყანა რეალური წინსვლის განხორციელებას ვერ შეძლებს.
– დიახ, რთულია, მით უფრო ისეთ პოლარიზებულ გარემოში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობ, მაგრამ თუ ეს კონსოლიდაცია ვერ შედგა და ამ „ფანჯარამ“ (უშუალოდ მასზეც ვისაუბრებთ) ჩვენს გარეშე ჩაიარა, რა ალტერნატივა რჩება საზოგადოებას? ამ ალტერნატივის გააზრების შემდეგ იქნებ უფრო ადვილი იყოს გადაწყვეტილების მიღება.
– ალტერნატივა ბევრად უარესია, ვიდრე ჩვენ წარმოგვედგინა. დღეს ჩვენ წარსულს ვაკრიტიკებთ ხომ? ზუსტად ასეთი წუწუნის, ასეთი უკმაყოფილო განცდის საფუძველი რომ არ გვქონდეს მომავალში, სწორედ ამიტომაც არის საჭირო სრულიად შეგნებული დასკვნების გაკეთება ყველას მიერ, ვისაც ეს ეხება. საუბარია მთელს საზოგადოებაზე. ეს თითოეული ჩვენგანის ვალია არა მხოლოდ ქვეყნის, საკუთარი თავის, ოჯახის, მიკრო–სოციალური გარემოს წინაშე.
– თქვენც ბრძანეთ, რომ კრემლის აგრესიულმა პოლიტიკამ ბევრი რამ შეცვალა და მათ შორის საქართველოსთვისაც გააჩინა შესაძლებლობები. მინდა, ამაზე ვისაუბროთ. კონკრეტულად რა სახის შესაძლებლობებს ხედავთ? მით უფრო, რომ საქართველო წარმოდგენილია რეგიონში, სადაც ჯერ კიდევ დომინანტად რჩება ძალა, რომელიც ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის ეგზისტენციალურ გამოწვევად გვყავს დანახული...
– სწორედ ამ ძალის ჩამოშლაა ის პერსპექტივა, რომელიც სრულიად რეალურია, რომ ჩვენ წინაშე განხორციელდეს. უკრაინა დღეს მხოლოდ რუსეთს კი არ ებრძვის, იბრძვის მთელი რეგიონის სახელმწიფოების მომავლისთვის. როცა ამას ვამბობთ, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამ ომში რუსეთის დამარცხება ნიშნავს მისი უნარის მკვეთრ შესუსტებას, დამთრგუნველი, ნეგატიური ზეგავლენა მოახდინოს მეზობელი სახელმწიფოების პერსპექტივაზე. აი ეს მისცემს საქართველოს საშუალებას, უფრო ეფექტურად იზრუნოს საკუთარი მომავლის რეალიზაციისთვის.
– დავსვამ კითხვას, რომელიც ამ კონტექსტში ჟღერს ხოლმე: აქ საქართველოს როლი რა არის? იგივე შესაძლოა, საქართველოს ჩართულობის გარეშეც მოხდეს, ხოლო ოფიციალურმა თბილისმა შეინარჩუნოს დამკვირვებლის პოზიცია, რის გამოც ხშირად აკრიტიკებენ, არ არის სათანადოდ სოლიდარული უკრაინის მიმართო...
– რუსეთის კი, მაგრამ საკუთარი მომავლის აშენების პერსპექტივას სხვას ვერ გადავაბარებთ. იმისთვის, რომ ქვეყანამ საკუთარი სტრატეგიული არჩევანის რეალიზაცია მოახდინოს, ამ მიმართულებით ყოველდღიური ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არ გახლავთ რაღაც ზოგადი იდეა. ეს სრულიად კონკრეტული რამაა და ეს კარგადაა ცნობილი. რეალიზაცია ჩვენი მონაწილეობის, ჩვენი აქტიურობის გარეშე უბრალოდ შეუძლებელია. ვერც რუსეთის დამარცხება და ვერც ვერანაირი პერსპექტივა რეგიონში სხვა პროცესების განვითარებისა, ჩვენს გასაკეთებელს ვერ გააკეთებს. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ჩვენი ამოცანა.
– ამ ფონზე კი გვაქვს ამგვარი მოცემულობა – ხშირად ისმის პარტნიორების მხრიდან კრიტიკა შიდა პროცესებთან დაკავშირებით, რაც მათ შორის კონკრეტულ რეფორმებს ეხება. იმავდროულად ვხედავთ კრიტიკის მიუღებლობას მმართველი გუნდის მხრიდან, მათ შორის ევროპარლამენტარების არასათანადოდ მოხსენიებას. ამასთან, როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები გვიზიარებენ თავიანთ შთაბეჭდილებებს სხვადასხვა შეხვედრებიდან, „ბრიუსელსა და ვაშინგტონში დაიღალნენ საქართველოს თემითო“. ამ კონტექსტში ჩვენს პერსპექტივებს როგორ ხედავთ?
– კრიტიკული დამოკიდებულება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებამ ხელი აიღოს არჩევანზე და შეწყვიტოს მოძრაობა. ვერაფრით დავეთანხმები იმის მტკიცებას, რომ დასავლეთი განუდგა საქართველოს, ან უარყოფს საქართველოს როლს და დამსახურებას. პირიქით, ჩვენი ყველა სტრატეგიული მოკავშირე ალბათ როგორც არასდროს, დღეს მზადაა, მხარი დაუჭიროს საქართველოს სვლას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ.
– მაგრამ ამისთვის ჩვენი მზაობაც არის საჭირო...
– რა თქმა უნდა, მოქმედება ჩვენ უნდა განვახორციელოთ.
– და დღეს მსგავს მოძრაობას ვხედავთ?
– ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რაც აუცილებელია და დასავლეთი მხარს დაგვიჭერს.
– რა კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი? მესმის, რომ პასუხისმგებლობა ყველას ეკისრება, მაგრამ მეტი ხელისუფლებას, რადგან გადაწყვეტილების ბერკეტები მის ხელშია...
– საუბარია კონკრეტულ სფეროებში კონკრეტულ რეფორმებზე, რომელთა ნუსხაც დიდი ხანია, განსაზღვრულია და სტრატეგიული არჩევანი, თუ რა მიმართულებით უნდა განხორციელდეს ეს რეფორმები, გარკვეულია. უბრალოდ საჭიროა ამ ნაბიჯების აქტიურად და რაც შეიძლება სწრაფად გადადგმა.
– ტემპი იმგვარია, როგორიც პროცესს სჭირდება? მაგალითად, მმართველი გუნდი ხშირად ოპოზიციისკენ იშვერს თითს, ისინი აზარალებენ ქვეყნის პერსპექტივასო და ეს როგორ წარმოგიდგენიათ?
– ერთმანეთის დადანაშაულების პირობებში საქმე ვერასდროს გაკეთდება. საჭიროა ყველამ თავისი პასუხისმგებლობა განსაზღვროს, გაითავისოს და აკეთოს ის, რაც საქვეყნო საქმეს სჭირდება, როგორც ოპოზიციამ, ისე ხელისუფლებამ.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021